ყველა დამნაშავემ, ვინც ქვეყანას უღალატა, პასუხი უნდა აგოს – ვინც არ მივა კომისიაში დაკითხვაზე, ამას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება.
კახა კალაძის თქმით, „უგუნურ პოლიტიკას, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ტერიტორიების დაკარგვა და ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვა“.
„თქვენ იცით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება და დაპირება იყო, რადგან ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ვინც ქვეყანას უღალატა. იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად, რაც იყო, წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ჩააბარა [რუსეთს] და რაც მივიღეთ, ყველამ დავინახეთ – დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჯერაც არ მოგვიშუშებია ეს ტკივილი და ყველამ პასუხი უნდა აგოს.
ვინც არ მივა კომისიაში დაკითხვაზე, ამას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე კახა კალაძე პარლამენტში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებაც შეაფასა. მისივე თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმი და ფაშიზმი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ.
„ჩვენ, როგორმე, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულებებისა, უნდა მოვახერხოთ ერთიანობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ეს ერთად უნდა დავამარცხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
