ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო რესპუბლიკურის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს – BMG

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო რესპუბლიკურის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, პროექტისთვის 50 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.
წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო სამშენებლო კომპანიებისგან ელის როგორც საავადმყოფოს დიზაინის პროექტირებას, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულებასაც.
ამჟამად ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო თბილისში სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე არის განთავსებული.
პროექტი ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ორსართულიანი შენობის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას. აღნიშნული ნაგებობის ფართობი 1200 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სამშენებლო პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და საერთო ჯამში 31 თვეს გასტანს. თავდაპირველ ეტაპზე კონტრაქტორმა საპროექტო სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რომელთა ღირებულება 1 მილიონი ლარად არის შეფასებული.
რაც შეეხება თავად რესპუბლიკური საავადმყოფოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 2025 წლის ბიუჯეტში მისთვის 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული – ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს კლინიკების აღჭურვა/გაფართოებაზე სულ 46 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 20 მილიონი ლარი რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის არის გათვალისწინებული.
2024 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში, რომელიც იქამდე ფაქტობრივად თითქმის აღარ ოპერირებდა, ყველა დეპარტამენტი აღდგა.
2024 წლის 22 იანვარს, წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ნინო ოთარიშვილი ივნისში BMG-სთან აცხადებდა, კლინიკა 350-მა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა 2024 წლის თებერვალში, რის შესახებაც განცხადება მ გააკეთა.
bm.ge