საქართველო ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს – საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტი ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას ზიანს აყენებს! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
ყაველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო ბოლო პერიოდში არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდან უსამართლო თავდასხმის სამიზნე გახდა.
„განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა.
ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას.
საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
