უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2024 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ურანის, ტიტანის და ლითიუმის მოპოვების ინვესტირების შესახებ. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი დაინტერესდა ამ იდეით და გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტის ეს წინადადება დახმარების გაწევასთან დაეკავშირებინა. გერმანია მიიჩნევს, რომ კიევმა საკუთარი ლითონები თავად უნდა მართოს.
Tagesschau წერს, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს კონფლიქტიდან გამოსვლა და აღდგენა საკუთარი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს. გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, „ძალიან ეგოისტური და ძალიან ეგოცენტრული“ იქნებოდა უკრაინული რესურსების გამოყენება თავდაცვის მხარდაჭერის დასაფინანსებლად.
შოლცის კომენტარს მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს დახმარების სანაცვლოდ იგი დაინტერესებულია უკრაინული იშვიათი ლითონების შეძენით. ”ჩვენ ვაპირებთ უკრაინასთან შეთანხმებას, სადაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ სანაცვლოდ ჩვენ მივიღებთ იშვიათ ლითონებს.” – თქვა მან.
როგორც Reuters წერს, სავარაუდოა, რომ იშვიათ ლითონებში ტრამპი არ გულისხმობდა მხოლოდ ამ კატეგორიაში შემავალ 17 მეტალს და ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენა. უკრაინაში მოიპოვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ურანი, ტიტანი და ლითიუმი, თუმცა ისინი იშვიათი ლითონების ჩამონათვალში არ შედიან.