ჩინეთის ხელისუფლების მიერ დღეს, 4 თებერვალს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, 10 თებერვლიდან აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობზე დაწესდება დამატებით 10%-იანი საბაჟო გადასახადი, ხოლო ნახშირსა და თხევად ბუნებრივ გაზზე – 15%-იანი.
დამატებით 10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტი.
დღესვე ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს დამატებითი საბაჟო გადასახადების ამოქმედებისთვის უჩივლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ 4 თებერვლიდან დამატებით 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდება ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.
ტრამპმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადისა და მექსიკის მიმართაც, თუმცა 3 თებერვალს, ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკების შედეგად ახალი ტარიფების ამოქმედება 30 დღით შეაჩერა, მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერ-მინისტრმა და მექსიკის პრეზიდენტმა დაადასტურეს მზადყოფნა საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად.
პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ტარიფების შემოღების მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვის და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა კანადას და მექსიკას ახალი ტარიფების ამოქმედება შეუჩერა, მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის თანაშემწეებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ის საუბარს აპირებს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთანაც.