ახლახან ჯასტინ ტრუდოს ვესაუბრე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„კანადა ამერიკულ ბანკებს იქ გახსნისა და ბიზნესის კეთების უფლებას არ აძლევს. რა არის ეს? ბევრი ასეთი შემთხვევაა, მაგრამ ასევე, ეს ნარკოტიკებთან ომია და აშშ-ში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მექსიკისა და კანადის საზღვრებით შემოსული ნარკოტიკების გამო. ახლახან ჯასტინ ტრუდოს ვესაუბრე. 15:00 საათზე კიდევ დაველაპარაკები“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადეს.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) შევა ძალაში.
