შვეიცარიასთან რეკორდული სხვაობით (110:0) გამარჯვების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშისთვის ემზადებიან, რომელსაც 8 თებერვალს თბილისში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.
მატჩი “ავჭალაზე” 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებით საქართველო ზედიზედ მეშვიდე, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა და შესაბამისად, ავსტრალიის საგზურს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე ფინალისტი მიიღებს.
ნიდერლანდები პირველ ტურში ესპანეთს სტუმრად ეთამაშა და 24:53 დამარცხდა.
მომავალი თამაშის წინ “ბორჯღალოსნების” გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი სიახლეა. რაზმს დაემატა ტოპ 14-ის “პოს” მესამეხაზელი
ბექა გორგაძე, რომლის ანგარიშზე 47 კეპი და 12 ლელოა.
მეცხრედ ნიდერლანდებთან
ნიდერლანდებში პირველი სარაგბო კლუბი ჯერ კიდევ 1879 წელს დაარსდა, თუმცა ის მალევე საფეხბურთო კლუბად გადაკეთდა. მეორე მცდელობა 1918 წელს იყო და 1920 წელს რაგბის კავშირიც დაარსდა, მაგრამ 3 წლის შემდეგ მან ფუნქციონირება შეწყვიტა და 1932 წელს ახლიდან დაარსდა. საწყის წლებში ნიდერლანდებში რაგბი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა, რის შემდეგაც ქვეყანაში სხვა სპორტის სახეობებმა უფრო დიდი პოპულარობა ჰპოვა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 100-ზე მეტი სარაგბო კლუბი და 15 ათასამდე მორაგბეა რეგისტრირებული.
ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი სანაკრებო თამაში 1930 წელს ბელგიასთან გამართა. ყველაზე დიდი სხვაობით 1973 წელს დანიასთან გაიმარჯვა (62:0), თავად კი ინგლისთან დამარცხდა (1998 წელს 0:110).
“ბორჯღალოსნებს” ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას (რაგბი ევროპის წინამორბედი) ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში და საქართველო 30-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, თუმცა მერე 9 უპასუხო ლელო გაუშვა – 3:55.
მას შემდეგ მეტოქეს 7-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა ჯერზე უშანსოდ დავამარცხეთ.2000-2002 წლებში ნიდერლანდებს ერთა თასზე სამჯერ ვერკინეთ და სამივეჯერ ისე მოვიგეთ, ლელო არ გაგვიშვია (41:6, 32:3 და 88:0). ნიდერლანდებირაგბი ევროპის ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა და ბოლო ოთხთამაშში ის ახერხებდა ლელოს გატანას, მაგრამ გამარჯვებული მუდამ საქართველო რჩებოდა (48:15, 72:10, 40:8 და 31:10).
ჯამში ნიდერლანდებთან მოვიგეთ ბოლო 7 და დავთმეთ ერთი, სულ პირველი შეხვედრა. გავიტანეთ 56 ლელო და 355 ქულა, მეტოქემ კი 14 ლელო და 107 ქულა მოიხვეჭა. მსოფლიო რეიტინგში ნიდერლანდები 58,56 ქულით 24-ე ადგილზეა, საქართველო კი 73,85 ქულით მე-12-ე პოზიციაზეა.
Rugby.ge