საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ევროპული დირექტივებისა და ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითადი პრინციპების ადაპტაციისას ბიზნესის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, დანიის ყველაზე მსხვილის ბიზნეს გაერთიანების, დანიის ინდუსტრიების კონფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ე.წ. მწვანე გადასვლასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში არსებულმა კერძო სექტორმა მოახდინოს ევროკავშირის რეგულაციებთან ეფექტიანი ადაპტაცია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს CBAM-ის, CSDDD-ისა და CSRD-ის რეგულაციებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კლიმატის ეროვნული მიზნების ადვოკატირებას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ასევე, ყურადღება გამახვილებულია დასაქმებულების ეფექტიან ინფორმირებასა და მომზადებაზე მწვანე ეკონომიკის რეგულაციების ადაპტაციის პროცესში.
მემორანდუმს საქართველოსთან ერთად ხელი მოაწერეს უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის ეფექტიანად გატარებისთვის, რომელშიც ჩართულია საქართველოში არსებული კერძო სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანები. ვფიქრობთ, რომ მწვანე ეკონომიკის საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, დასახული მიზნების რეალიზაციაში ეფექტიანი მექანიზმია და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.