დასვენებისა და კულტურის პარკ “მზიურში” სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაშა ჩხაიძე საპროცესო შეთანხმებაზე მზადაა.
საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს, დაიწყო და საპროცესოზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსამართლე დავით ნარიმანაშვილს პროკურორმა ნოდარ სამხარაძემ მიაწოდა.
„ბრალდებულს სურს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ამ ეტაპზე არ არის ზიანი ანაზღაურებული“, – თქვა პროკურორმა და სხდომის გადადება ამ მოტივით მოითხოვა.
ლაშა ჩხაიძე აღიარებს დანაშაულს და მტკიცებულებებს სადავოდ არ ცნობს. ის წარსულში ნასამართლევია და კამერების დაზიანების დროს პირობითი სამწლიანი მსჯავრის ქვეშ იყო.
ბრალდებული გურიიდანაა. წინა სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ მძღოლად მუშაობს ავტობანის მშენებლობაზე, ჰყავს შვილი, დედა და ძმა.
42 წლის ლაშა ჩხაიძე პოლიციამ 2024 წლის დეკემბერში „ნივთის დაზიანების ფაქტზე“ დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შსს მომხდარს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასე უკავშირებს: „მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მზიურის პარკში განზრახ დააზიანა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები“, – ეწერა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაშა ჩხაიძეს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ ის წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვისაა ნასამართლევი.
საქმის განხილვა 25 თებერვალს დასრულდება.
28 ნოემბრიდან თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები დაიწყო პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პროტესტი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.