ივანიშვილის ასაკის გამო მისი დისტანციურად დაკითხვა მოითხოვეს – ბაჩიაშვილი

5 თებერვალს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ივანიშვილი დაზარალებულადაა ცნობილი.
ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მოითხოვა დღეს, 3 თებერვალს, გამართულ სასამართლოს სხდომაზე. პროკურორმა მიზეზად „უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა“ და დაკითხვისთვის სავარაუდო დიდი დრო დაასახელა.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის ერთ-ერთი მიზეზად მისი ასაკიც დასახელდა.
„როგორც, დაახლოებით, ერთი წლის წინ განვაცხადე, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს თავისივე თითქოსდა სიმართლის დასადგენად აქ გამოცხადებას-მეთქი. ზუსტად ისევე, როგორც ვერ გაბედა სინგაპურში, ბერმუდაში გამოცხადება. დღეს ახდა. დაზარალებულმა მხარემ, მათ შორის, ივანიშვილის ასაკის გამო, რადგან მოუწევდა კითხვებზე დიდ ხანს პასუხის გაცემა და მისი ასაკიც გასათვალისწინებელი იყო, მოითხოვა დისტანციურად დაკითხვა.
ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს, არ შეუძლია ასაკის გამო, სასამართლოში გამოცხადდეს. მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამიტომ კეთილი უნდა ენება და უნდა მოსულიყო სასამართლოზე. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოც და პროკურორიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ემსახურება და ყველანაირი ნორმის დარღვევით ის ვიდეოფორმატში დაიკითხება. ის საქართველოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მას შეუძლია აქ მოსვლა, უბრალოდ, მისი სურვილია, რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია ივანიშვილის დაკითხვის დღეს იქნება თუ არა ღია სასამართლოს სხდომა, თუმცა ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესის დახურვა წინასწარ გადაწყვეტილია.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის ივლისში დაიწყო. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც ის ამბობს, სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ მის ადვოკატს ივანიშვილის წარმომადგენელმა წერილი მისწერა, სადაც მისგან დიდი ოდენობის თანხის ბიტკოინებს ითხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა.
ბაჩიაშვილი აქვეყნებს წერილს, სადაც მისი თქმით, ივანიშვილი ბიტკოინებს ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად