ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება, სანამ ვითარებას რუსეთი აკონტროლებს – ზვიად ჭუმბურიძე

ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება, სანამ ვითარებას აკონტროლებს – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, საქართველო შავი ზღვის აკვატორიის ქვეყანაა, თუმცა ხელისუფლება ამ მიმართულებით „სერიოზულად“ არ მუშაობს. ეს კი, მისი აზრით, აიხსნება იმით, რომ რუსეთი შუა დერეფნის და სხვა მსგავსი ტიპის პროექტების მიმართ აგრესიულია.
„რამდენიმე დღის წინ ჩატარდა წლიური კონფერენცია, „შავი ზღვის პლატფორმა“, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველო არის შავი ზღვის აკვატორიის ქვეყანა და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პრაქტიკულად, ხელისუფლების მხრიდან არავინ სერიოზულად ამ თემაზე არ მუშაობს.
შავი ზღვა არა მარტო საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს აკავშირებს ევროპასთან. სწორედ ამიტომაც არის რუსეთი ასეთი აგრესიული შუა დერეფნის და არა მარტო შუა დერეფნის მიმართ. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც პრაქტიკულად, ჩავარდნილია. რამდენი ხანია ისმის დაპირება, რომ რაღაც იწყება, რაღაც უნდა დაიწყოს, მაგრამ არც დაიწყება, სანამ რუსეთი აკონტროლებს აქ ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომლის განხორციელებაც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ და დასძინა, რომ ასეთი პოლიტიკითა და ასეთი მიდგომებით გაგრძელება, საბოლოო ჯამში, გარანტირებულად, პირველ რიგში, ეკონომიკას ჩამოშლის. შედეგად, ჭუმბურიძის მტკიცებით, ამ ქვეყანას ვერანაირი მსხვილი ინვესტიცია ვეღარ უშველის.
„ასეთი პოლიტიკით, ასეთი მდიგომებით გაგრძელება საბოლოო ჯამში პირველ რიგში ეკონომიკას ჩამოშლის, ეს უკვე გარანტირებულად ასეა. რისი იმედი გვაქვს?! ვიღაც რომ იტყვის ემირატებიდან შემოდის კომპანია/ინვესტიციაო?! ნეტარ არიან მორწმუნენი..
გაგვიხარდება თუ ეს კომპანია შემოვა, მაგრამ ვინ იყიდის ფართს იმ კომპლექსებში? როგორ ფიქრობთ, არაბები არ აკეთებენ წინასწარ კვლევას, როგორია კლიმატი, ბიზნესი; არ სვამენ კითხვას, უნდათ მათ გართულებული ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან იგივე ევროკავშირთან? ყველა ეს ქვეყანა, მათ შორის, ჩინეთიც მუშაობს სწორედ ამ კონტაქტების გაფართოებაზე როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკელებთან. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ინვესტორი, მათ შორის, ემირატები იქნება ეს თუ ნებისმიერი არაბული ქვეყანა, ყველა ზედმიწევნით ზუსტად თვლის, რა ელის მის ინვესტიციას, ფულს დებს იქ, სადაც გარანტია აქვს, თუნდაც მისი პარტნიორების – ამერიკელების, ევროპელების თანამშრომლობის და ა.შ.
საქართველო იცით რატომ იყო მიმზიდველი რაღაც პერიოდის წინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის?! იმიტომ, რომ სწორედ ჩვენთან ხდებოდა მნიშვნელოვანი განვითარება, კომუნიკაცია ევროპულ სივრცესთან, ამერიკელ პარტნიორებთან. დღეს კი ეს დასრულდა,“ – განაცხადა ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც მ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.
წყარო: BPN.GE