ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრი” ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო მანიფესტით წარდგა. თბილისიდან ჩამოსული დასის გარდა, ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ სცენაზე, მანიფესტი წაიკითხეს ბათუმელმა აქტივისტებმა და მსახიობებმა.
სცენაზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი ბანერით გამოვიდნენ ონლაინგამოცემა “ბათუმელების” რედაქციის წარმომადგენლები. რედაქტორმა, ნანა კვაჭაძემ მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა, რომელიც მედიამენეჯერმა საპატიმროში დაწერა:
”“ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”.
”თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზიას, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს” – საპროტესტო მანიფესტით, სცენიდან, მხარდაჭერა გამოუცხადეს ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს. ბათუმელ მაყურებელს სცენიდან მიმართეს “ახალი თეატრის” დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ და თბილისში დაკავებული ბათუმელი აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მშობლებმა.
მანიფესტის მონაწილე მსახიობებმა 50-ზე მეტი დაკავებულის სახელი და გვარი ცალ-ცალკე ჩამოთვალეს.
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი, თბილისის შემდეგ, რეგიონებში გავიდა და პირველი ქალაქი ბათუმი იყო. 2 თებერვალს, “ახალი თეატრის დასი ზუგდიდში ჩადის.
“ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა – სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი რის გამოც ჩავდივართ არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ”, – განაცხადა “ახალი თეატრის” რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა ბათუმში გამგზავრებამდე.