“ბათუმელებო, თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სრული სოლიდარობა და პატივისცემა… დღევანდელი დღე მივუძღვენი მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე, ის არის დღეს ჩვენი მორალის სახე”, – მიმართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილ დემონსტრანტებს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ის [მზია ამაღლობელი] კარგად იქნება, ის ძლიერად იქნება იმიტომ, რომ დღეს ის არის საქართველო”, – განაცხადა ასევე საპატიმროში მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა და მისი მხარდამჭერების, პროტესტის მონაწილეების ერთად დგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც, პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააკავეს, უკვე 21 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან სულ უფრო უარესდება. ამაღლობელი, 11 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო გამოშვებიდან რამდენიმე საათში – უკვე სისხლის სამართლის წესით. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტის გაძლიერებასთან ერთად, ძლიერდება საერთაშორისო მხარდაჭერაც.
“ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, ისეთი დამოუკიდებელი, ისეთი ევროპული, როგორც ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა თავისი შვილებისთვის, თავის შვილიშვილებისთვის. ეს არის მართალი ბრძოლა. მართალ ბრძოლაში არასოდეს მარცხდება ქართველი”, – მიმართა დემონსტრანტებს სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე კი, 1 თებერვალს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან გათავისუფლებული აქტივისტები და ჯერ ისევ დაპატიმრებულების ოჯახის წევრები. საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ “მნიშვნელოვანია სახალხო პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლა”; ხოლო “ამ პროცესების ეპიცენტრში” – ბათუმში “დღეს უკვე ამ პროტესტმა კონკრეტული სახე და სახელი შეიძინა – მზია ამაღლობელი”.
მე-5 პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, “ადგილობრივმა აქტივისტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქციებზე დაკავების, წინასწარი დაკავების საკნებში მოპყრობისა და გასამართლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი მაგალითის საფუძველზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრეს”.
დემონსტრანტების წინაშე გამოსვლის შემდეგ, ყველანი ერთად გაემართნენ ევროპის მოედნისკენ, სადაც ხალხი ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტისთვის არის შეკრებილი.
ფორუმი