დანიის მთავრობა არქტიკის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით თითქმის 2 მილიარდ ევრო გამოყოფს.
სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება გრენლანდიის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.
დანიის პრემიერი პირდაპირ არ საუბრობს დონალდ ტრამპის მუქარაზე, თუმცა ყურადღებას ამახვილებს ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე.
გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მთავრობებთან თანამშრომლობით, დანიაში შეთანხმდნენ, გამოყონ თითქმის 2 მილიარდი ევრო არქტიკის რეგიონში სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებაზე. მან სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.
დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი თავდაცვის სფეროში ევროპული თანამშრომლობის საკითხის განსახილველად ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში გაეგზავრა.
მისი თქმით, აუცილებელია ევროპა იყოს უფრო ძლიერი და მტკიცე, რათა უფრო მეტად დაიცვას თავისი უფლებები და ევროპული ინტერესები. ევროპამ უნდა განსაზღვროს კონტინენტის მომავალი. ფრედერიქსენის აზრით, მათ უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და გააძლიერონ თავიანთი თავდაცვის ინდუსტრია.
ფრედერიქსენი შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ტურნე კი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრით დაასრულა. მას პირდაპირ არ უხსენებია დონალდ ტრამპის მუქარა, თუმცა ისაუბრა როგორც ევროპის ინტერესებზე ატლანტის ოკეანის გადაღმა, ისე უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/biznesi_w_h-s4Rq0w-300x169.jpeg)