უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა 31 იანვარს გამოაცხადა, რომ 2025 წელს ნიდერლანდები უკრაინას დამატებით F-16 ტიპის ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიაწოდებს.
უკრაინამ ნიდერლანდებისა და დანიისგან დაპირებული F-16-ები უკვე მიიღო და რუსული სარაკეტო იერიშების დროს საბრძოლო მოქმედებებში ჩართო. პირველი ავიაგამანადგურებლები უკრაინას 2024 წლის აგვისტოში მიეწოდა.
Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ჰააგაში, უმეროვის ნიდერლანდელ კოლეგასთან, რუბენ ბრეკელმანსთან შეხვედრის მთავარი თემა F-16-ების პროგრამა იყო.
ამასთანავე, უმეროვის თქმით, ნიდერლანდები უკრაინელი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას გააგრძელებს.
“ეს კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სრულფასოვანი საავიაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მხრივ”. – თქვა მან.
უმეროვი ასევე ნიდერლანდების თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მას რაკეტები, დრონები და რადარები დაათვალიერებინეს. ბრეკელმანსთან ერთად მან დრონების ტექნოლოგიის მხრივ უკრაინის შესაძლებლობების განვითარება და უკრაინისთვის გამოყოფილი $415-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი განიხილეს.
შეხვედრაზე მათ უკრაინისთვის შორ რადიუსზე სარაკეტო იერიშების მიტანის მხრივ შესაძლებლობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.
წყარო: ტაბულა