უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ, ნელა საუბრობს, ნელა მოძრაობს – მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე

გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორი, ციხეში მყოფი მზია ამაღლობელი მისმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოინახულა. ჟურნალისტი უკვე მე-20 დღეა, შიმშილობს.
ციხის დატოვების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მზია ამაღლობელი დღეს უფრო ნელა მოძრაობს და ნელა საუბრობს, ვიდრე ორი დღის წინათ.
“მე რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ იყო, უფრო ნელა საუბრობს, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო და გაგვეგრძელებინა საუბარი”, – თქვა მან.
მწარიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ, როგორც მზია ამაღლობელმა უთხრა, მთავარი თემაა სხვა უკანონოდ დაპატიმრებულები და არა ის:
“ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით. ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არაერთი უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბავზე იყო ძალიან შეწუხებული.”
მისივე ცნობით, 28 იანვარს გაკეთებული ანალიზის პასუხი მზია ამაღლობელმა დღემდე არ იცოდა და ადვოკატის იქ ყოფნის პერიოდში გააცნეს. ადვოკატის თქმითვე, უკვე გადაეცათ ამაღლობელის ჯანმრთელობის ისტორია, დოკუმენტები და გეგმავენ, შესაბამის სპეციალისტებს შეაფასებინონ.
მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, მე-20 დღეა, საპატიმროში შიმშილობს. იგი „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააკავეს.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.
30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.
ფორუმი