ოთხი პოლიტიკური გაერთიანება, – რომლებიც დემონსტრაციების მონაწილეებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ, – მიმართავს სირიის ახალ ლიდერს და მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარება“.
ეს პარტიები არიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.
აჰმედ ალ-შარაა, – სირიელ მეამბოხეთა ლიდერი, – 2025 წლის 29 იანვარს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა „გარდამავალი პერიოდის მთავრობის“ მოქმედების პერიოდში.
ის სათავეში ედგა სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხებას 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში.
„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის“, – წერია განცხადებაში.
წერილში პარტიები ალ-შარაას განუმარტავენ, რომ „ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“.
„შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – წერენ პარტიები.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები“, – წერია მიმართვაში.
„სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა“.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “კოალიცია ცვლილებისთვის”;
· თინათინ ბოკუჩავა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”;
· ირაკლი კუპრაძე, “ძლიერი საქართველო”;
· ბერდია სიჭინავა, “გახარია – საქართველოსათვის”.
2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS-ის) მიერ ხელისუფლების სადავეების ხელში აღების შემდეგ, სირიის საგარეო პოლიტიკა იცვლება.
სტაბილურობისა და სხვა არაერთი პრობლემის მქონე სირიის ახალ ხელისუფლებასთან მსოფლიოს ლიდერები უკვე ამყარებენ პირველ კონტაქტებს: HTS-ის ლიდერს შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; შეხვდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის საგარეო მინისტრიც.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე ჩნდება შანსი, საქართველომ იმუშაოს სირიის ახალ ფაქტობრივ მმართველებთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევაზე.
თუმცა, ანალიტიკოსების თანახმადვე, ამ შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯები, პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობები და იზოლაციის მზარდი რისკი ხელს უშლის.
უცნობია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, უყურებს თუ არა იგი სირიაში შეცვლილ ვითარებას, როგორც ახალ შესაძლებლობას.
ფორუმი
