სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ თქვა, რომ სლოვაკეთის ანტისამთავრობო აქციების უკან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ლიდერი მამუკა მამულაშვილი დგას.
„ეს ადამიანი კავშირშია „პროგრესული სლოვაკეთის“ (PS) და „მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენლებთან. არის მკაფიო მტკიცებულება, რომ ის ხვდება საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს“, — განაცხადა რობერტ ფიცომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სლოვაკეთში გადატრიალება მწიფდება.
„ასე გამოიყურება ტიპური სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც PS-ის მხარეს დგას“, — განაცხადა ფიკომ პრესკონფერენციაზე და აჩვენა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამულაშვილის ფოტო. Aktuality.sk წერს, რომ მამუკა მამულაშვილი, რომელიც 2014 წლიდან ხელმძღვანელობს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“, ყოველთვის პოზიციონირებდა როგორც ჯარისკაცი და არა სამოქალაქო აქტივისტი.
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფიცო გარე ძალებს ადანაშაულებს ქვეყნის დესტაბილიზაციაში და თავისი სიტყვების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა თითქმის ორი წლის წინ გადაღებული ფოტოსი, სადაც მამუკა მამულაშვილი და „მშვიდობა უკრაინას“ წევრი ლუცია შტასელოვა არიან გამოსახული.
ფოტო 2023 წელსაა გადაღებული, როდესაც მამულაშვილი სლოვაკეთში იმყოფებოდა სლოვაკური გამოცემა Denník N-ის ორგანიზებულ დისკუსიაზე. „ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი კონტაქტი მასთან“, — განუცხადა შტასელოვამ Aktuality.sk-ს.
ფიცოს თქმით, მამუკა მამულაშვილი „სლოვაკეთში გადავიდა“ და ადგილობრივ ოპოზიციას დაუკავშირდა. მამულაშვილი ამბობს, რომ ბოლოს სლოვაკეთში დაახლოებით ექვსი თვის წინ იმყოფებოდა.
სლოვაკეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამუკა მამულაშვილს და ათამდე ადამიანს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ.
პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის პრესკონფერენციამდე, ქართულ-უკრაინულ კვალზე სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციებში სლოვაკმა ევროპარლამენტარმა ერიკ კალინაკმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კალინაკი, რომელიც შეხვდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს, გამოაქვეყნა საქართველოში, სლოვაკეთის საელჩოში გადაღებული ვიდეო. ის ჰყვება, რომ აღმოაჩინა „შემაშფოთებელი ინფორმაცია“. ევროპარლამენტარის თქმით, მან განიხილა, თუ როგორ განვითარდა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ საქართველოში, ვინ იდგა მათ უკან და როგორ ფინანსდებოდა. მისივე თქმით, იგივე აქტორები ახლა სლოვაკეთის პოლიტიკურ არეულობაში არიან ჩართულნი.
მამუკა მამულაშვილმა უარყო სლოვაკეთის პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა.
„ეს არის ზღაპრები, რომლებიც, ჩემი აზრით, კრემლმა დაწერა, გაუგზავნა საქართველოს მთავრობას და ახლა, როგორც ჩანს, სლოვაკეთის მთავრობას. მათ სურთ ჩვენი დისკრედიტაცია და ქაოსის გამოწვევა. კარგი, როგორმე გავიგებ, რატომ ბედავენ ჩვენს დადანაშაულებას საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებაში, მაგრამ სლოვაკეთში? ეს ნამდვილად სასაცილოა“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
