Paragraph Tbilisi-ის საშუალო დატვირთვა 20-30%-ია – რომელი ქვეყნების ვიზიტორებს მასპინძლობს სასტუმრო?

Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო 220-ნომრიანი Paragraph Tbilisi-ის საშუალო დატვირთულობა იანვარში 20-30% იყო. სასტუმროს ოპერირების შესახებ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ირინა ადეიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერი და 2025 წლის იანვარში სასტუმროს უფრო მეტი სტუმარი ჰყავდა, ვიდრე გასულ წელს ამავე პერიოდში, რადგან Paragraph Tbilisi იმ პერიოდისთვის 1 თვის გახსნილი იყო. თუმცა ირინა ადეიშვილი იმასაც ამბობს, რომ დატვირთვა არც წელსაა ძალიან მაღალი.
„იქიდან გამომდინარე რომ ერთი წელია გავიხსენით და სტუმრები 2023 წლის ნოემბერში მივიღეთ, შარშანდელთან შედარებით დეკემბერ – იანვარში ბევრად უკეთესი სურათი გვაქვს. იანვარ – თებერვალი დატვრითულობის მხრივ ზოგადად თბილისისთვის დაბალი სეზონით გამოირჩევა და ჩვენი სასტუმრომ ამ საკითხთან მიმართებით გამონაკლისი არ არის. დეკემბრის მეორე ნახევარში საკმაოდ კარგი დატვირთულობა გვქონდა, რადგან ახალი წელი იყო და საკმაოდ ბევრი სტუმარი გვესტუმრა, იანვარში კი შედარებით კლება გვაქვს. თებერვალში დიდი მოლოდინები არ გვაქვს, მარტიდან კი ჯავშნები აქტიურდება.
გასულ წელთან შედარებით დატვირთულობის მხრივ პოზიტიური ცვლილება გვაქვს, მაინც ოპერირების ერთი წელი სასტუმროსთვის ბევრი არ არის და სასტუმროს ცოტა მეტი დრო სჭირდება ხოლმე რომ ნდობა მოიპოვოს, მეტი ვიზიტორი ჰყავდეს, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ამ პერიოდში ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა ნამდვილად გაორმაგებულია.
მაღალი დატვირთულობა არ გვაქვს, სასტუმროს საშუალო დატვირთვა 20-30% იქნება. ყოველდღე სხვადასხვა სურათი გვაქვს“, – ამბობს ირინა ადეიშვილი და დასძენს, რომ ვიზიტორების არეალი ძალიან დივერსიფიცირებულია: „გვყავს სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან, დან, ევროპიდან , ამერიკიდან, არაბული ქვეყნებიდან. რაც ჩვენთვის სიახლეა ადგილობრივი დამსვენებელიც გვყავს.
ევროპის ბაზარი დივერსიფიცირებულია, სტუმრები როგორც დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირა ქვეყნებიდან… თითქმის ყველა ევროპული ქვეყნიდან მოდიან სტუმრები. მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანი და სომხეთი აქტიურობენ“.
რაც შეეხება ჯავშნებს, Paragraph Tbilisi-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი აღნიშნავს, რომ კოვიდის შემდეგ სტუმრების ქცევა საკმაოდ შეიცვალა და ჯავშნების ფანჯარა შემცირებულია.
„იანვარში შეიძლება შემოვიდეს თებერვლის ჯავშანი და არა ივლისის ან აგვისტოსი.
ფასი მოთხოვნის მიხედვით გენერირდება და ნომრის ტიპის მიხედვით განისაზღვრება. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით იგივე ფასებია. შარშან დეკემბერი ღონისძიებების კუთხით უფრო მოთხოვნადი იყო“, – აღნიშნა BM.GE-სთან ირინა ადეიშვილმა.
The Luxury Collection-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასების მიხედვით Paragraph Tbilisi-ის ერთი ღამით განთავსების ღირებულება 285 დოლარიდან იწყება და ნომრების ტიპის მიხედვით 900 დოლარამდე იზრდება. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები.