„კანდიდატის სტატუსი დაგვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, რაც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ყველა მიმართულებით“ – გიორგი კაჭარავა

„ძალიან მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, არამედ, იმ სტანდარტებთან დაახლოებას, რომელიც მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი არის ძალიან სტაბილური და ამ ბაზარზე, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან განსხვავებით, არ უნდა ველოდოთ სიურპრიზებს ვაჭრობისა და ინვესტირების პროცესში“, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობისთვის და ეკონომიკისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას შექმნის, რაც ეკონომიკურ ზრდაზე აუცილებლად აისახება.
„გაიზრდება ინვესტორების დაინტერესება საქართველოსთან მიმართებით, ამოქმედდება გაწევრიანების წინა მხარდაჭერის მექანიზმი, რაც დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, ფერმერებს, სტუდენტებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ მიიღონ გრანტები. გარდა ამისა, ჩაიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ეს მოგებიანი იქნება არა მხოლოდ მოსახლეობისთვის არამედ, ზოგადად ქვეყნისთვის, რაც გამოიხატება ეკონომიკურ ზრდაში“, – აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.
როგორც მან განმარტა, კანდიდატის სტატუსით ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება, გაიზრდება ქვეყნის მხარდაჭერა და მთავარია ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა