ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„[საქართველოდან] უკიდურესად შეშფოთებული დავბრუნდი. ძალიან მადარდებს ის ჟურნალისტი, რომელიც საპატიმროში შიმშილობს… ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა… ეს მხოლოდ თავისუფლების და პატიმრობის საკითხი არ არის – ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია. და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ამ უმძიმეს ვითარებაში საჭირო სისწრაფით იმოქმედებს“, – განაცხადა მაიკლ ო’ფლაჰერტმა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი 2025 წლის 21-23 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მან ციხეში მოინახულა „ბათუმელების” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი მე-19 დღეა პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
