მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი. ისინი გასული წლის დეკემბერში დააკავეს რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით.
ორივე მათგანი დანაშაულს აღიარებს. დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ მათ საპროცესო შეთანხმება სურთ. ადვოკატებს, ომარ ფურცელაძეს და გელა ნიკოლაიშვილს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკების დასრულებამდე ისინი გათავისუფლდებოდნენ. მათ მოსამართლეს შესთავაზეს პატიმრების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. დანიელ მუმლაძის შემთხვევაში – 3000 ლარი, ხოლო გურამ ხუტაშვილის შემთხვევაში, რომლის ოჯახსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს – 1000 ლარი.
დანაშაულის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და საპროცესო მოლაპარაკებების დაწყების მზაობის მიუხედავად, პროკურორმა თამარ იაკობიძემ მათი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ არსებობს რისკი, განმეორებით ჩაიდინონ დანაშაული. ასევე, დაემალონ მართლმსაჯულებას.
ადვოკატები ყურადღებას ამახვილებდნენ მათ პიროვნულ მახასიათებლებზე და ხაზი გაუსვეს, რომ არცერთი მათგანი არ არის წარსულში ნასამართლევი. მათ სთხოვეს მოსამართლეს, ყურადღება გაემახვილებინათ მათ ოჯახურ და სოციალურ გარემოზე – გურამ ხუტაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველია, დანიელ მუმლაძეს კი ჰყავს ცოლი და 2 წლის შვილი და ის ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო. ორივე მათგანი ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. ისინი თანამშრომლები იყვნენ.
გარდა ამისა, არცერთი მათგანი არ არის ნამყოფი საზღვარგარეთ. მათ არ ჰყავთ ახლობლები უცხოეთში. შესაბამისად, მიმალვის რისკი ფიზიკურად არ არსებობს.
ორივე ადვოკატმა უდავოდ მიიჩნია პროკურატურის წარდგენილი ყველა მტკიცებულება.
ამ გარემოებების მიუხედავად, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც ისინი ჰყვებიან, დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. შემთხვევის დღეს ისინი სამსახურიდან, რუსთაველის მიმდებარედ, ერთ-ერთი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე ორი, შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, რომ აპირებდნენ 112-ის კუთვნილი ვიდეოკამერების დაზიანებას და დახმარება სთხოვეს. ნიღბიან უცნობებს თან ჰქონდათ კიბე, რომლის გამოყენებითაც სიმაღლეზე ასვლას აპირებდნენ. მუმლაძე და ხუტაშვილი დასთანხმდნენ დახმარებას.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ისინი მონაცვლეობთ ადიან კიბეზე და სხვადასხვა ფორმით ცდილობენ კამერების დაზიანებას. ორი პირი, რომლებიც ასევე ჩანს ამ ვიდეოში, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.




