უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 29 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართა მისი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან.
„დღეს აბუ-დაბიში შევხვდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რათა შეგვესწავლა ჩვენი ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების გზები ხელოვნური ინტელექტის, ენერგიის მდგრადი წყაროებისა და სხვა საკვანძო საკითხებში,“ დაწერა შეიხმა მოჰამედმა სოცქსელ X-ში. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთგულია გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ეკონომიკურ ზრდას და მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს მსოფლიოში“.
ორი ლიდერი დაესწრო ურთიერთგაგების მემორანდუმებისა და შეთანხმებების გამოცხადებას განათლების, ინვესტიციებისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სფეროებში.
ურთიერთგაგების მემორანდუმების გაცვლას დაესწრნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო. შეხვედრას დაესწრნენ აგს-სა და უნგრეთის სხვა ოფიციალური პირებიც.
შეხვედრის შემდეგ პეტერ სიიარტო გამოვიდა მოწოდებით, რომ ვინაიდან ჩაიშალა ევროკავშირსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირმა პირდაპირ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უნდა დაიწყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით.
