დღეს დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე, – ასე შეაფასა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას და მისი ყოფილი მოადგილის, დავით გალუაშვილის დაკითხვა, რომელიც დახურულ რეჟიმში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, სპექტაკლს სამართალი დაარქვას.
„ეს სხდომა ზუსტად იმიტომ იყო დახურული, რომ ეს ორი პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „ქართუ ბანკი“ არის არა ბანკი, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კანტორა, სალარო, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით მოქმედებს. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ დოკუმენტებს, თუ რა წერია იქ და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის სიტყვას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს სესხი ვითომ მისი ინვესტიცია იყო. არანაირი დოკუმენტური საფუძველი, მტკიცებულება არ აქვს. ძალიან მინდა საქმის პროკურორს ვთხოვო, ნუ ფუჭსიტყვაობს და მთელი ქვეყნის წინაშე ნუ იტყუება, როცა ამბობს, რომ საბუთები არსებობს. ერთი საბუთიც არ არსებობს, რომ იქ საერთოდ რამე ბიძინა ივანიშვილის იყო.
ნატო ხაინდრავა რა თქმა უნდა, ივანიშვილის მუქარებს აგრძელებს, ის ივანიშვილის გაგრძელებაა და ყველაფერს იტყვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს, ის განაგებს მის შავ სალაროს. მან თვითონ თქვა, რომ „ქეში“ ფულით განაგებს მილიონ ლარზე დიდი ოდენობით ტრანზაქციებს ისე, რომ ამაზე ივანიშვილსაც არ აძლევს უკუკავშირს და არც ვალდებულია ვინმესთან, რომ ამ თანხებზე რამე გაასაჯაროოს. არ არსებობს არც მტკიცებულება, არც მოწმე, რომელიც რამე სახით ადასტურებს ამ ინვესტიციას, თითქოს, ივანიშვილის განხორციელებული იყო.
დღეს მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, როცა ივანიშვილის მოვლენილი წარმომადგენელი სასამართლო დარბაზში ადგა, პროკურორთან მივიდა და დაუწყო მითითებების მიცემა, ეს დაუშვებელია ბანანის რესპუბლიკისთვისაც. ამასაც არ ერიდება დღეს სასამართლო, შირმასაც აღარ აკმაყოფილებენ, პირდაპირ არის ივანიშვილი მოსამართლე, პროკურორი… ამ სპექტაკლს უნდა რომ დაარქვას სამართალი“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
