გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენების, საპროტესტო აქციების დარბევებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელეს.
მათი მოწოდებით, საქართველომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციების დროს “სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები”.
“ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან”, – აღნიშნეს ექსპერტებმა.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ბრალდებების მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე “შესაძლოა წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს”.
ექსპერტების თქმითვე, ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას შედეგი არ გამოუღია, მაშინ როდესაც ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება.
“ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ველით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადეს ექსპერტებმა.
მათივე თქმით, “ყველა თვითნებურად დაკავებული” უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ეს უნდა მიეწოდოს.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
· მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
· ვეფხია კასრაძე
· ვალერი კაძელაშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი
· თორნიკე გოშაძე
· ირაკლი მიმინოშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
· გიორგი გორგაძე
· ინსაფ ალიევი
· ანდრო ჭიჭინაძე
· ონისე ცხადაძე
· გურამ მირცხულავა
· ლუკა ჯაბუა
· ჯანო არჩაია
· რუსლან სივაკოვი
· რევაზ კიკნაძე
· გიორგი ტერაშვილი
· ვალერი თეთრაშვილი
· სერგეი კუხარჩუკი
· ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
· ანზორ (ანრი) კვარაცხელია
· გიორგი მინდაძე
· დავით ლომიძე
· თემურ ზასოხაშვილი
· საბა ჯიქია
· საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
· გურამ ხუტაშვილი
· დანიელ მუმლაძე
· არჩილ მუსელიანცი
· ლაშა ჩხაიძე
· მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
· დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
· გიორგი ახობაძე
· ნიკოლოზ კაცია
· ანტონ ჩეჩინი
· თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
· მამუკა ჯორბენაძე
· გურამ მიქელაძე
· დავით გვიანიძე
· გიორგი დავითაძე
· ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
· ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
· მათე დევიძე
· ანატოლი გიგაური
