Gudauri Inn გაფართოვდა და ტურისტულ ობიექტს მაღალი კლასის კორპუსი დაემატა. ამის შესახებ BM.GE-სთან Inn group – ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს დამატებით 30 მაღალი კლასის ნომერი, სპა ცენტრი, ჯაკუზი და აუზი დაემატა, რომლის მოსაწყობად, კომპანიამ დაახლოებით 4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„გუდაური ინნ-ის გაფართოება დასრულდა. ახალი 5 ვარსკვლავიანი კორპუსი დავამატეთ, რომელიც 30 ნომერს მოიცავს. ნომრის ფართობი დაახლოებით 30-დან 45 კვ.მ-მდეა და მასში ერთი ღამით განთავსება, საუზმით $140-დან $200-მდეა ეკვივალენტით ლარში. ამასთან, კორპუსი სპა ცენტრს, ჯაკუზსა და აუზს მოიცავს.
საბოლოო ინვესტიცია ჯერ კიდევ დათვლილი არ გვაქვს, თუმცა ამ ახალი პროექტის განხორციელება დაახლოებით 4 მლნ ლარამდე დაჯდა“, – ამბობს Inn group -ის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, სასტუმრო 100%-ით დატვირთულია. თუმცა, კოკაია დასძენს, რომ შემცირებულია ევროპული ნაკადები. ამის პარალელურად, გააქტიურებულია ტურისტები ძირითადად ისრაელიდან, აზიური და არაბული ქვეყნებიდან. ამასთან, შაბათ-კვირას აქტიურად სტუმრობენ ქართველი მომხმარებლები.
ერეკლე კოკაია მომავალი თვის პროგნოზისას ამბობს, რომ თებერვლის თვე გუდაურისთვის ყველაზე კარგი თვეა. ამრიგად, ვარაუდია, რომ თებერვალში დატვირთვა 80%-მდე იქნება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედი ვარდნაა.