“მემორანდუმებს რეალურ ინვესტიციებთან საერთო არაფერი აქვთ”, – ასე აფასებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი “ქართული ოცნების” მთავრობასა და Emaar-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს. გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, მსხვილი საინვესტიციო პროექტების საკითხები მემორანდუმებით არ წყდება.
საქმე ის არის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, რის შედეგად მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში განვითარდება.
