საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საზღვრების ხელშეუხებლობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. ეს პრინციპი ყველას ეხება. საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს. მათთვის, ვისაც ეს ეხება”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლა გაურკვეველი რეალობის წინაშეა.
“ჩვენ უფრო ძლიერი ევროპა გვჭირდება, რომელსაც ევროპისა და ევროპული ინტერესების დაცვა შეუძლია. საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ”, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.
ამასთან, დანიამ არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მის ავტონომიურ ტერიტორიებთან, გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან პარტნიორობით, 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.