სალომე ზურაბიშვილი სერბეთში საპროტესტო დემონსტრაციებსა და შედეგად პრემიერ-მინისტრის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ სერბეთი საქართველოს მაგალითს აძლევს.
„სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
„ორთვიან პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი! ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს“, – დაწერა 28 იანვარს ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში 62 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.
28 იანვარს, სტუდენტების ორთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი თანამდებობიდან გადადგა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციების მოთხოვნებს შორისაა გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს.
პარალელურად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური, უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც მოჰყვა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ურთიერთობების შეჩერებაზე. დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს და ძალის გამოყენებით დაშალეს. ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს ასობით ადამიანი. 45-ზე მეტი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
სერბეთში დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე, ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო.
ბელგრადი-ბუდაპეშტის რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობდა ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია (CCCC), – იგივე კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორი კონსორციუმის წევრია.
CCCC, პროექტში მონაწილე კიდევ ერთ კომპანია CRIC-თან და სერბეთის მთავრობასთან ერთად, აცხადებდა, რომ ბეტონის სახურავი რეაბილიტაციის პროექტის ნაწილი არ ყოფილა. ახლა უკვე ყოფილმა პრემიერმა ვუჩევიჩმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა: „მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ ანტიჩინურ ისტერიაში“.
