უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია Emaar ჯგუფის Eagle Hills-ი საქართველოში ორი პროექტს – „კრწანისის პარკი“ თბილისში და „გონიო მარინა“ ბათუმში განახორციელებს.
თბილისში „კრწანისის პარკი“ განთავსდება 590 ჰექტარზე, ხოლო ბათუმში „გონიო მარინა“ ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს.
„ორი ფლაგმანი პროექტი ხაზს უსვამს Eagle Hills-ის ერთგულებას შექმნას საკულტო განვითარება, რომელიც ჰარმონიზაციაში იქნება თანამედროვე არქიტექტურისა და საქართველოს ბუნებრივ სილამაზესა და კულტურულ მემკვიდრეობასთან“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტების თბილისსა და გონიოში განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა.
„საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმება კომპანიასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ.
დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი თბილისში, ხოლო მეორე გონიოში აშენდება“ – ნათქვამია იყო ინფორმაციაში.
EMAAR-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორის ბურჯ ხალიფაც შედის. ჯგუფი UAE-სა და სპარსეთის ყურის რეგიონში მსხვილ მრავალფუნქციურ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს.
ჰოლდინგის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს EMAAR-ის წმინდა მოგებამ 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
