შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ძალადობა ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდანაა წაქეზებული.
„ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს საკუთარ ემოციურ არამდგრადობას ავლენენ. მთავარი პრობლემაა, რომ ეს ძალადობა წაქეზებულია, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, გამოცემა „ჰილის“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ „ს გზავნილი ს მიმართ არის, რომ -მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“. პაპუაშვილის თქმით, ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის პოზიციები, აქ ახალი არაფერია და სალომე ზურაბიშვილს, როგორც მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს, სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული“.
მისი თქმით, „ლორა თორნტონი იქნება ეს, თუ სალომე ზურაბიშვილი, განსხვავება უკვე აღარ არის“.
„გახსოვთ, ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს. ესაა მათი გეგმა ზუსტად, საბოლოო ჯამში და მეორე ეს არის, საითკენაც უნდათ, გააქანონ საქართველო. ხედავენ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს, პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ქალბატონი სალომე, როგორც მაკკეინის ინსტიტუტის ერთგული თანამშრომელი, სრულად არის ამაში ჩართული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ქართველმა ემიგრანტებმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან პროტესტი დააფიქსირეს მაშინ, როცა ისინი სტრასბურგში, ერთ-ერთ კვების ობიექტში იმყოფებოდნენ. „თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის! თქვენთვის ადგილია რუსეთში, იმიტომ, რომ თქვენ ხართ საქართველოს გამყიდველები“ – ასე მიმართეს ქართველმა ემიგრანტებმა პარლამენტის წევრებს გივი მიქანაძესა და ეკა სეფაშვილს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თამარ ტალიაშვილს. დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართველ ემიგრანტებს უთხრა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაციის ნაკლებობა. „თქვენთვის ბოლო დღეა, როცა ევროპაში დააბიჯებთ. სილის ღირსიც არ ხართ!“- მიმართეს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მოგვიანებით, ქართველ ემიგრანტებს კვების ობიექტი დაატოვებინეს.