ირაკლი – ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული – ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გეგმით მოქმედებს

ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული – ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის მანდატის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე დასმულ კითხვას.
როგორც კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, მან არ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა დასძინა ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხარო იქნება.
„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, მათი მოქმედებები თავიდან ბოლომდე გარედან არის კოორდინირებული ისეთი სუბიექტების მიერ, ვისაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ სურთ, თუმცა მთელი ოთხი წლის განმავლობაში მიზანს ვერ აღწევენ. ამ შემთხვევაშიც მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული – ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გეგმით მოქმედებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქმედებები, რასაც ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ახორციელებს, არის თვითლიკვიდაცია და საკუთარი პოზიციების დასუსტება.
“ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისათვის – რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, დემოკრატიული სისტემა მით უფრო სწრაფად განვითარდება. ჩვენი ოპოზიციის დასუსტებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის