ტრამპმა შეაჩერა კოლუმბიისთვის გამზადებული საბაჟო გადასახადი და სანქციები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოლუმბიისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის ამოქმედება შეაჩერა, მას შემდეგ, რაც კოლუმბიის მთავრობა დასთანხმდა პრეზიდენტ ს პირობებს.
ამ შინაარსის განცხადება 26 იანვარს, ღამით გამოაქვეყნა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა. მისი ინფორმაციით, კოლუმბია დასთანხმდა -დან დეპორტირებული კოლუმბიელი მიგრანტების შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
ლივიტის თანახმად, თუ კოლუმბია შეთანხმებას არ დაარღვევს, პრეზიდენტი ტრამპი ხელს არ მოაწერს დოკუმენტს საბაჟო გადასახადის და სანქციების შემოღების შესახებ. თეთრი სახლის პრესმდივანი არ აკონკრეტებს, ვინ მონაწილეობდა შეთანხმების მიღწევაში და იყო თუ არა კონტაქტი აშშ-ის და კოლუმბიის პრეზიდენტებს შორის.
26 იანვარს კოლუმბიამ არ მიიღო ორი ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებშიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები, დეპორტირებული კოლუმბიელები იმყოფებოდნენ.
პასუხად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კოლუმბიიდან იმპორტირებულ პროდუქციას დაუწესდება 25%-იანი საბაჟო გადასახადი, რომელიც მოგვიანებით გაორმაგდება, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მოკავშირეებს კი აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დონალდ ტრამპი დაადანაშაულა კოლუმბიელებისადმი რასისტულ დამოკიდებულებაში და განაცხადა, ბლოკადა არ აშინებთ და საბაჟო გადასახადს თავადაც დააწესებენ.
26 იანვარს, ღამით კოლუმბიის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ გუსტავო პეტროს გადაწყვეტილებით, აშშ-ში საპრეზიდენტო თვითმფრინავს გაგზავნიან კოლუმბიელი მიგრანტების ღირსეულად დასაბრუნებლად. ოფისის ცნობითვე, მიგრაციული კრიზისის გამო კოლუმბიის პრეზიდენტმა მოიწვია ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნების რიგგარეშე სხდომა, რომელიც 30 იანვარს გაიმართება.
შეერთებულ შტატებთან შეთანხმების შესახებ, რასაც თეთრი სახლი იუწყება, კოლუმბიის მთავრობას საჯაროდ არაფერი უთქვამს.
აშშ კოლუმბიისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ყავის 20% კოლუმბიაზე მოდის. კოლუმბიის საექსპორტო საქონელს შორისაა ნავთობი, ბანანი, ავოკადო და სხვა.
25 იანვარს ბრაზილიამ ამერიკის შეერთებულ შტატებისგან განმარტება მოითხოვა თავისი მოქალაქეებისადმი დამამცირებელი, ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო. ბრაზილიის მთავრობის ინფორმაციით, თვითმფრინავით დეპორტირებულ 88 ბრაზილიელს ხელბორკილები ედოთ.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ეხება სამხრეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას.