CIA-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, მეტად სავარაუდოა, რომ კოვიდი ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენო (CIA) წლების განმავლობაში ამბობდა, რომ იმის შესახებ, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში არსებული ბაზრიდან ბუნებრივად გავრცელდა, თუ კვლევითი ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონვის შედეგად, საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა.
თუმცა მიმდინარე კვირას CIA-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ანალიტიკოსები უკვე სწორედ ლაბორატორიიდან შემთხვევითი გაჟონვის თეორიისკენ იხრებიან.
დაზვერვას რაიმე ახალი ინფორმაცია არ აქვს, რომელიც CIA-ს პოზიციის ცვლილებას განაპირობებდა. ანგარიში იმავე მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც სააგენტოს თვეების განმავლობაში ჰქონდა.
თუმცა, როგორც გამოცემა New York Times ანონიმური წყაროების ინფორმაციით წერს, ახალი ანგარიში ვუჰანში მდებარე მაღალი უსაფრთხოების კვლევითი ლაბორატორიების, პანდემიის დაწყებამდე არსებულ პირობებზე დაკვირვებას ეყრდნობა.
CIA-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მეორე თეორია, კოვიდის გავრცელების ბუნებრივი მიზეზების შესახებ, ისევ შესაძლებელი რჩება და სააგენტო ნებისმიერი ახალი სადაზვერვო ინფორმაციის შესწავლასა და შეფასებას გააგრძელებს.
NYT-ის ცნობით, ბევრი ამერიკელი მაღალჩინოსნითვის ეს დებატები ნაკლებად მნიშვნელოვანია: ჩინეთის მთავრობამ ან სავაჭრო ბაზრების რეგულირება ვერ შეძლო, ან ლაბორატორიების ზედამხედველობა. თუმცა, სხვა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს დაზვერვასთან და მეცნიერებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეკითხვაა.
ჯონ რეტკლიფი, CIA-ს ახალი დირექტორი დიდი ხანია, რაც ლაბორატორიებიდან გაჟონვის თეორიას ეთანხმება. მას უთქვამს, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციაა, რომელმაც -ჩინეთის ურთიერთობებზე გავლენა იქონია.
ანგარიშის გამოქვეყნებამდე რეტკლიფმა Breibart News-თან საუბრისას თქვა, რომ მას აღარ სურდა CIA-ს კოვიდის წარმოშობის შესახებ დისკუსიაში პასიური როლი შეესრულებინა. მას ასევე ხშირად უთქვამს, რომ ვირუსი, უდიდესი ალბათობით, სწორედ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელდა.
NYT-სთან საუბრისას კი, ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სააგენტო არ ცდილობს, ახალი დირექტორის შეხედულებებს მოერგოს, ვინაიდან ახალ ანგარიშზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა, მათ შორის, რეტკლიფის დირექტორად დანიშვნამდეც მიმდინარეობდა.
წყარო: tabula.ge