ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), საარჩევნო ღონისძიებაზე ვიდეოკავშირით ისაუბრა. მან პარტიას „ქვეყნის საუკეთესო იმედი“ უწოდა. გამოსვლის ჩანაწერი პარტიის ლიდერმა ალის ვაიდელმა გამოაქვეყნა სოცქსელ X-ში.
ღონისძიება შაბათს, 25 იანვარს, გაიმართა ჰალეში და ამით AfD-მ ოფიციალურად დაიწყო ბუნდესტაგის წინასაარჩევნო კამპანია. გამოცემა Welt-ის ცნობით, მასკის გამოსვლა დარბაზში მოისმინა AfD-ს დაახლოებით 4,5 ათასმა მხარდამჭერმა.
როგორც მასკმა უთხრა შეკრებილებს, ის მიესალმება მათ სიამაყეს, რომ გერმანულ კულტურას მიეკუთვნებიან: „ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს ჰქონდეს განსხვავებული კულტურები“. მან გააკრიტიკა გერმანიის მთავრობა და ის დაადანაშაულა, რომ არ აინტერესებს ხალხის კეთილდღეობა და რომ ახშობს სიტყვის თავისუფლებას.
მან შეკრებილებს მოუწოდა „იბრძოლონ, იბრძოლონ, იბრძოლონ“ „გერმანიის დიდი მომავლისთვის“ და თქვა, რომ „არ უნდა აგონ პასუხი მშობლების ან დიდი ბაბუების შეცდომებისთვის“ და არ უნდა იყვნენ „ზედმეტად შეშფოთებულნი ისტორიული დანაშაულით“.
Politico-ს წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების წინ, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პრეტენზიას აცხადებს ხმების დაახლოებით 20 პროცენტზე. პარტიის ბოლო წარმატებები არღვევს ტაბუს, რომელიც მემარჯვენე რადიკალებს ედოთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წინა დღით „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა AfD-ს მიმართ მასკის მხარდაჭერას. „ის მხარს უჭერს უკიდურეს მემარჯვენეებს მთელს ევროპაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ბევრ, ბევრ სხვა ქვეყანაში და ეს სრულიად მიუღებელია… ეს საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას“, მოჰყავს გერმანიის მთავრობის თავმჯდომარის სიტყვები Associated Press-ს.
შაბათს ჰალესა და გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქში გაიმართა მასობრივი დემონსტრაციები AfD-სა და რადიკალი მემარჯვენეების წინააღმდეგ. Deutsche Welle-ს ცნობით, ბერლინში აქციაზე, ორგანიზატორების ინფორმაციით, 100 ათასი, პოლიციის თანახმად, 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
წყარო: რადიო თავისუფლება