ყველაფერ უცხოურისადმი მონური დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა ტრამპის მიერ ორი სქესის არსებობის შესახებ გაჟღერებული ნარატივის შეფასებაში. ქართველი ლიბერალ-ფაშისტები თქმასაც კი ვერ ბედავდნენ, რომ ორი სქესის არსებობაა ნორმა
რა არის ლიბერალური მონობა, – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ- ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ყველაფერ უცხოურთან და უცხოელებთან მიმართებით ქართველებს ძალიან უცნაური, რაღაცნაირად მოწიწებული და კდემამოსილი დამოკიდებულება გვაქვს, რაც ადრეც ბევრ დამკვირვებელს შეუნიშნავს.
ვაი-პოლიტიკოსები ხომ ქართველების ასეთი დამოკიდებულებით უსინდისოდ მანიპულირებენ და მათი მხრიდან მუდმივად გვესმის, ამა და ამ უცხოელმა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა თუ უბრალოდ, მოქალაქემ, საქართველოზე ასე თქვა და აბა, ტყუილს ხომ არ იტყოდაო? თუ ეს უცხოელი იმ ქართველი პოლიტიკოსის საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავს, მაშინ ახსენდებათ, რომ უცხოელიც კი შეიძლება იყოს სულგაყიდული კორუფციონერი, რომელიც ცუდმა ქართველმა პოლიტიკოსებმა იყიდეს.
ბევრი ქართველისთვის მთავარი მაინც ის არის, სვეცკურად გამოიყურებოდეს და გოიმად არ წარმოჩინდეს.
დონალდ ტრამპი როცა პოლიტიკურად დევნილი იყო, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მას ლამის რუსეთის აგენტად აცხადებდა. ასეთებს იმდენად უნდოდათ თანამედროვე ლიბერალად გამოჩენილიყვნენ, რომ ცდილობდნენ, არათუ ელგბტ თემის დამცველად, არამედ ამ თემის წარმომადგენლადაც კი წარმოეჩინათ თავი, რადგან ეს „ქუულ“ ტიპობად ითვლებოდა. მოვიდა ამერიკის ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტი და ჩვენი პეროგაყრილი “მადამ პომპადური“ ჯერ მაკრონს ეაჯა, ტრამპთან მიმაახლოვე და სურათი გადამაღებინეო, ხოლო შემდეგ ერთი ოდიოზური, მარაზმატიკი სენატორის მიწვევით ტრამპის ინუგურაციის დროს ამერიკაში აღმოჩნდა და ტრამპთან მიახლოების უშედეგო მცდელობების შემდეგ ყველანაირად ეცადა მასთან დაახლოებულ პირებთან მაინც გადაეღო სურათი.
„მადამ ფრანცუჟენკამ“ და სხვა ვაი-პოლიტიკოსებმა, ვინც ასევე მოახერხა ინაუგურაციის შორიახლო ტრიალი, კარგად იციან, რომ ასეთი „კარწინკები“ „გოიმ ქართველებზე“ შთაბეჭდილებას ახდენს, მით უმეტეს, რომ მათი რწმენით, დღევანდელ პოლიტიკაში მთავარია აღქმები და არა ფაქტები. ყველაფერ უცხოურისადმი მონური დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა ტრამპის მიერ მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ გაჟღერებული ნარატივის შეფასებაში. დამფრთხალი და დაბნეული ქართველი ლიბერალ- ფაშისტები იმის თქმასაც კი ვერ ბედავდნენ, რომ მხოლოდ ორი სქესის არსებობაა ნორმა და ბოლოს ჩამოყალიბდნენ, რომ სქესი კი ორია, მაგრამ გენდერია ბევრიო. ჯერ ერთი, უფრო ხშირად „სქესი“ და „გენდერი“ სინონიმებად გამოიყენება, თუმცა, ისეთი გაგებაც არსებობს, რომ „გენდერში“ ადამიანის არა გარეგნული ფიზიოლოგიური მდგომარეობა იგულისხმება, არამედ შინაგანი, ანუ ფიზიოლოგიური აგებულებით მამაკაცი შინაგანად შეიძლება ქალად გრძნობდეს თავს და პირიქით – ქალი მამაკაცად. ჰო, მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც, შინაგანად საპირისპირო სქესთან იდენტიფიცირების გარდა, კიდევ რასთან შეიძლება ახდენდეს ადამიანი იდენტიფიცირებას, რომ ორზე მეტი გენდერი არსებობდეს? ალბათ რაღაც საშუალო სქესთან, ან სულაც რომელიმე ცხოველთან.
დიახ, ასეთი ანომალიები ბუნებაში არსებობს, მაგრამ როდესაც ანომალიას ნორმად აცხადებ, ახალისებ და ახდენ მის პოპულარიზაციას, ეს არის მიუღებელი და ამიტომ არის ასეთი პროპაგანდის წინააღმდეგ საჭირო საკანონმდებლო აქტების მიღებაც კი, თორემ ნორმიდან გადახრილი ასეთი პირების მიმართ საქართველოში არასოდეს ყოფილა აგრესიული და არატოლერანტული დამოკიდებულება. ტრამპის სიტყვები და უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც სწორედ ასეთი მიდგომის დამკვიდრებას ემსახურება და უჭირთ უკვე დაბნეულ ქართველ მონა-ლიბერალებს ახალი პატრონის პოზიციებზე სწრაფი გადაწყობა, რადგან აქამდე მათი მთავარი საქმიანობა სწორედ ლგბტ პროპაგანდისკენ და გეი-აღლუმების მოწყობისკენ იყო მიმართული.
ქართველი ლიბერალების უცხოელ ძველ პატრონებს შორის ბევრი ალბათ თავის პოზიციაზე დარჩება და ბრძოლას გამოუცხადებს ტრამპს, რაც კიდევ უფრო შავ დღეში ჩააყენებს ჩვენს ნეოლიბერალ ფაშისტებს. ეს პირველივე დღეებში უკვე გამოიკვეთა, როდესაც მათმა ერთ-ერთმა მაღალი რანგის პატრონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანემა ლორა ტორტონმა დონალდ ტრამპს მოძალადე და კრიმინალი უწოდა და თავის ქართველ მრევლს უსაყვედურა ტრამპისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო. საინტერესოა, რას უპასუხებენ საცოდავი ქართველი ლიბერალები, როდესაც კითხავენ, ეთანხმებით ქალბატონი ლორას მიერ ტრამპის ამ შეფასებასო? ტრამპის ლანძღვა ხომ ამერიკის და მისი ამომრჩეველი ამერიკელი ხალხის ლანძღვა გამოდის და მაშინ თვითონაც ხომ ანტიამერიკულ პოზიციებზე გადასულად ჩაითვლებიან? არადა, წლების მანძილზე ასეთი ლორების მსახურების შედეგად მიღებული დივიდენდებს ქარს ხომ არ უნდა გაატანონ?
ქართველი ნეოლიბერალების მძიმე მდგომარეობა კარგად გამოჩნდა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემული 2-საათიანი ინტერვიუს შეფასებების დროსაც, როდესაც ისინი ისტერიულად ლანძღავდნენ რუხაძეს და გაჰკიოდნენ, რომ მსმენელსა და მაყურებელს მისი ერთი სიტყვაც არ დაეჯერებინათ მართლაც ძალზე დამაჯერებელი და პროფესიონალური ანალიზიდან. ასეთი ისტერიკები სწორედ მაშინ ემართებათ, როდესაც მათი პარტიული ჟურნალისტები სამარცხვინოდ ბითურდებიან ხოლმე ოპონენტებთან დიალოგების დროს. ეს კი სწორედ ისეთი შემთხვევა იყო, როდესაც რუხაძემ მასტერ-კლასი ჩაუტარა ძალიან მოტივირებულ, მაგრამ საცოდავ მდგომარეობაში ჩავარდნილ ლიბერალ ჟურნალისტს, რომელიც თავისმა კოლეგებმა იმიტომ ლანძღეს, რომ წივილ-კივილით არ უპასუხა იმედის მფლობელის მყარად არგუმენტირებულ ანალიზს და მას ამ არგუმენტების წარმოთქმის საშუალება მისცა. მთელი ინტერვიუ ასე შეიძლება შეფასდეს – ჟურნალისტი: აღქმები, აღქმები, აღქმები… ირაკლი რუხაძე: ფაქტები, ფაქტები, ფაქტები… ჟურნალისტს კი ხშირად მხოლოდ ერთი არგუმენტი რჩებოდა: „როგორ, ამას ხომ უცხოელები ამბობენ და თქვენ როგორ შეგაქვთ ეჭვი მათ ნათქვამში“? ბოლოს, საცოდავ ლიბერ-ჟურნალისტებს ისღა დარჩენოდათ, რომ ინტერვიუს მეორე დღესვე გადაემოწმებინათ რუხაძის მიერ წარმოჩენილი ფაქტების სისწორე, რაც არც ერთი სხვა რესპოდენტის შემთხვევაში არ გაუკეთებიათ. თუმცა, მათ მიერ 6 ფაქტის გადამოწმების შემდეგ ძირითადად მხოლოდ ამ ფაქტების სისწორე დადასტურდა.
ასეთია ქართველი ლიბერალ-ფაშისტების მონობის ანატომია“, – წერს ნანა კაკაბაძე.