შევთანხმდით, რომ არაა აუცილებელი BAG-მ [მიმდინარე მოვლენებზე] განცხადებები გააკეთოს – ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივი საჯარო განცხადება არ უნდა გაკეთდეს, ვინაიდან არის საკითხები, რაზეც ასოციაციის წევრებში საერთო პოზიცია არ არსებობს. ამის შესახებ BAG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი განმარტებით, BAG-ს წევრთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საერთო პოლიტიკური აზრის არსებობა შეუძლებელია და სწორედ ამიტომ, ასოციაციისგან პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების საკითხი მათ შორის freebusiness-ის მოთხოვნებს შეერთებულმა კომპანიებმაც მოხსნეს დღის წესრიგიდან.

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს BAG-ის წევრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის დაფიქსირება-არდაფიქსირება იყო. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ საკითხს არაერთი შეხვედრა დაეთმო.

“ეს შეხვედრები, მედია ინტერვიუები და ა.შ. თავისთავად ადასტურებს, რომ ასოციაციის შიგნითაც დისკუსია ძალიან ცხარე იყო, დისკუსია მიმდინარეობს. ეს შეხვედრა არ იყო პირველი და არც უკანასკნელი ამ თემაზე. დეკემბერშიც გვქონდა მსგავსი შეხვედრები და ყველა შეხვედრაზე სწორედ ვიკრიბებოდით კონკრეტული დღის წესრიგის გარეშე. ეს იყო ღია დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობდა იმის გარშემო, თუ რა გვაერთიანებს და რისთვის არსებობს ეს ასოციაცია. იცით, იყო საჯარო მოწოდებები, ვიღაც ამას ბულინგს უწოდებს, ვიღაც ეძახის მოწოდებას და ა.შ. მაგრამ ტერმინოლოგიაში არ შევიდეთ და ვთქვათ, რომ იყო საჯარო მოწოდებები და ამაზე ბუნებრივია საზოგადოების გარკვეული ნაწილის რაღაც ტიპის მოლოდინები არის და ასოციაციამაც უნდა უპასუხოს. ეს იყო მიზეზები ამ შეკრებისა. 100 საკითხი რომ ჩამოწერო, რა გვაერთიანებს და რა არის განსხვავება პოზიციებში, ალბათ ვიტყოდით, რომ 99 საკითხია რაზეც ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ერთი საკითხია, რომელზეც საბოლოო ჯამში ამ ყველა შეხვედრის შემდეგ მივედით, არის რომ ერთიანი პოლიტიკური აზრის არსებობა ასოციაციაში შეუძლებელია, გამომდინარე მისი მრავალფეროვნებიდან. ესაა ასობით კომპანია, ფაქტობრივად ეკონომიკის კერძო სექტორის 70-80% ჩვენთანაა წარმოდგენილი. ამიტომ, მოვთხოვოთ, რომ პოლიტიკურად ყველამ ერთნაირად იაზროვნოს, ძალიან რთული იქნება.

საბოლოო ჯამში ამაზე შევთანხმდით და ძალიან მისასალმებელი იყო განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც freebusiness პლატფორმას შეუერთდნენ და მათი მხრიდან მოხსნა საკითხის, რომ არაა აუცილებელი ასოციაციამ ღია საჯარო ერთიანი პოზიციის განცხადებები გააკეთოს, მაშინ როდესაც პრინციპულად ჩვენ ალბათ ვერ შევთანხმდებით შიგნით რაღაცებზე”,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.

მან ისაუბრა იმ საკითხებზეც, რაზეც მისი თქმით, ასოციაციის წევრები თანხმდებიან. ლევან ვეფხვაძე ასეთ საკითხებად ასახელებს ეკონომიკას, განსხვავებული აზრის მიუხედავად, ურთიერთპატივისცემას და ქვეყნის განვითარების დასავლურ გზას, რაც მისივე თქმით, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, შეუქცევადია.

“საკითხებში, რომლებზეც ყველა ვთანხმდებით მათ შორის ნომერ პირველი არის ეკონომიკა, რადგან თუ ეკონომიკაში არ იქნება სიჯანსაღე, ცხადია ბიზნესი ცალკე აღებული რომელიმე სექტორში ან რომელიმე ერთი კომპანია ვერ იქნება წარმატებული. მეორე მნიშვნელოვანი, რაზეც ძირითადი ნაწილი ალბათ ვთანხმდებით ღირებულებითი ნაწილიდან გამომდინარე ისაა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა. საზოგადოებაში დღეს არის ძალიან მკაფიო, მკვეთრი პოლარიზება, რაც არავის არ მოგვწონს. ასევე, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლური გზა ქვეყნის განვითარების. 99% კომპანიების სწორედ ამაზე ვთანხმდებით, რომ საბოლოო ჯამში, შეიძლება დღეს გარკვეული შეფერხებები ამ [დასავლურ] გზაზე იყოს, მაგრამ ყველა თანხმდება და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ან ისე ან ასე იქნება გადატვირთვა ურთიერთობების და შესაბამისად, ეს გზა არის შეუქცევადი. ეს არის 2 * 2=4, ასეთივე ჭეშმარიტება კომპანიებისთვის”,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, ასოციაცია როგორც ლობისტური ორგანიზაცია, ბიზნეს ინტერესების დასაცავად აქტიურ ინტერაქციაში იქნება ნებისმიერ ხელისუფალთან.

“ასოციაცია არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ ხელისუფალთან იქნება ძალიან აქტიურ ინტერაქციაში სწორედ იმ საკითხებისთვის, რისთვისაც ვარსებობთ, ესაა: ეკონომიკა, დასაქმება, ბიზნესგარემო და ა.შ. იცით, რომ ათობით რეგულაცია, ასობით სტანდარტია, რომელიც შემოდის, ამ საკითხების მეორე მხარეს ადმინისტრაციული ორგანოა, მარეგულირებელია, საკანონმდებლო ორგანოა, მთავრობა და ა.შ. ესაა ის სტრუქტურები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ყველა, მათ შორის ის კომპანიებიც, რომელთა დამფუძნებელიც შეიძლება ამბობს რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამბობს, რომ მოდის ეს თემა დავტოვოთ ასოციაციის მიღმა და ასოციაცია იყოს აქტიურ ინტერაქციაში, როგორც ლობისტური ორგანიზაცია ბიზნეს ინტერესების დასაცავად და იყოს კომუნიკაციაში ნებისმიერ ხელისუფალთან”,- განაცხადა ვეფხვაძემ.

ინფორმაციისთვის: 2009 წელს დაფუძნებული BAG 130-მდე ბიზნესჯგუფს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.