„მთავარი ინდიკატორი იმისა, რამდენად სწორად იარა საქართველომ არის ის, რომ დღეს საქართველოში არის მშვიდობა და საქართველო არ არის ომის ქარცეცხლში გახვეული და თბილისში არ ფრიალებს რუსეთის დროშა იმიტომ, რომ ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობდა ჩვენ რომ არასწორად მოვქცეულიყავით და ჩვენ რომ ამ ბეწვის ხიდზე, რომელზეც გავიარეთ 2022 წლიდან მოყოლებული, ერთი მცდარი ნაბიჯი გადაგვედგა“- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო FM 98.5, გადაცემაში ,,შუადღის პოლიტიკა” განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქამდე საქართველოსთვის მთავარი პოლიტიკა გადარჩენის პოლიტიკა იყო.
„შემიძლია უხეშად ვთქვა, რომ ჩვენ რეალურად ბოლო წლების განმავლობაში არც საშინაო პოლიტიკა გვქონდა, არც საგარეო პოლიტიკა გვქონდა. ჩვენი მთავარი პოლიტიკა იყო გადარჩენის პოლიტიკა, რომ როგორმე ჩვენი სახელმწიფო გადარჩენილიყო ამ ძალიან დიდ ომს და დაპირისპირებას, რომელსაც რუსეთში აღიქვამენ არა დონბასის ან რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად წარმოებულ ომს, არამედ აღიქვამენ როგორც ომს დასავლეთთან და არა მარტო რუსეთში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური კონტექსტის გასაგებად იმიტომ, რომ „ბრიკსის“ თითქმის ყველა ქვეყანაში და განვითარებადი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში ეს ომი ფასდება როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. მაშინ, როდესაც საქართველო არის ამ დაპირისპირების თეატრში და რეალურად ეს დაპირისპირება ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, ძალიან რთული იყო, ეს პოლიტიკა გაგვეტარებინა“-აღნიშნა სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, მათ გაითვალისწინეს საზოგადოების განწყობები და მოხდა მათი რეალური სურვილების ასახვა პოლიტიკაში, რომელიც დღესაც ეფუძნება შედარებით კონსერვატორულ ღირებულებებს და უფრო მეტად პატივს სცემს ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, რომელზეც არის დამყარებული როგორც ამერიკა, ასევე ევროპაც.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების განწყობები და ფასეულობები იმიტომ, რომ ის, რასაც გვიკიჟინებდნენ, მათ შორის, არასამთავრობოების ხელით კონკრეტული მოთამაშეები დასავლეთიდან, მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. შესაბამისად, ვიმოქმედეთ იმ განწყობების გასაძლიერებლად, რა განწყობებიც ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ჰქონდა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ 55%-ს მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს და 45% წინააღმდეგია, აქ საუბარია ქართული საზოგადოების 90 და მეტ პროცენტზე, რომლისთვისაც ყურით მოთრეული საკითხები, დედა დედაა, თუ მამა მამაა სასაცილო თემად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ დადგა ეს საკითხი და ამერიკის პრეზიდენტს მოუწია ბრძანების გამოცემა, რომ კაცი, ქალი და სქესი დააკანონეთ ფედერალურ სამსახურებში. რაც არ უნდა სასაცილოდ მიგვაჩნდეს ეს ამბავი, ჩვენ გავხდით ამ შეტევის მსხვერპლი და აქედან გამომდინარეობდა ჩვენი პოლიტიკა. პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა არის, რომ მოიგოს არჩევნები და შესაბამისად მან ისეთი წინასაარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის იქნება მისაღები, რათა შემდეგ მან ხმა მოგცეს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამიზნული რიტორიკა და პოლიტიკა და ასევე არ იყო ამერიკის მომავალ ადმინისტრაციაზე გამიზნული პოლიტიკა და რიტორიკა. ეს იყო ჩვენი საზოგადოების რეალური სურვილების ასახვა პოლიტიკაში, რომელიც დღესაც ეფუძნება შედარებით კონსერვატორულ ღირებულებებს და უფრო მეტად პატივს სცემს ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, რომელზეც არის დამყარებული როგორც ამერიკა, ასევე ევროპაც“-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.