გილდია: გადავწყვიტეთ ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი

თეატრის სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ახალ ეტაპზე გადადიან – გაფიცვის შემდეგი მოქმედებაა თეატრის გადმოტანა ქუჩაში. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, გაფართოვდება მოთხოვნათა ჩამონათვალი და მოიცავს “ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად”.
ამის შესახებ განცხადებას კულტურის წარმომადგენელთა დამოუკიდებელი პროფკავშირი “გილდია” ავრცელებს.
“ჩვენ, თეატრის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ვინც ყოველთვის ჩვენი მაყურებლების აპლოდისმენტებითა და სიყვარულით ვიკვებებოდით, წინააღმდეგობის 2 თვისთავზე გადავწყვიტეთ, გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე – მეორე მოქმედებაზე. ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა და არ არსებობს გარეთ გამოსულ ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანი მაყურებელი! ვინაიდან ვიაზრებთ ამ წინააღმდეგობაში ჩვენს პასუხისმგებლობას, ცხადია, ჩვენი მოთხოვნები ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პროცედურული საკითხებით ან თუნდაც მხოლოდ ტყვეების განთავისუფლებით. ჩვენ მოვითხოვთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად. საგაფიცვო მოთხოვნები ჩამოყალიბდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესებზე. ჩვენ მოვითხოვთ უკეთეს სოციალურ სისტემას, ხელმისაწვდომ განათლებას, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის, გამოსახლების აკრძალვას, საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, უკეთეს ანაზღაურებას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის და, რაც მთავარია, ღირსეულად სწავლის, მუშაობის და ცხოვრების უფლების გარანტიას მთელი საზოგადოებისთვის. გპირდებით, ამ მოთხოვნებით თეატრი მოედება ქუჩებს და გამზირებს, სხვადასხვა ქალაქებს, საქართველოს კუთხეებსა და რეგიონებს და არ დავიხევთ უკან, სანამ არ მივაღწევთ სასურველს. ვითხოვთ ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების თავისუფლებას, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია დაასრულოს პოლარიზაცია და ქვეყანა დააბრუნოს მშვიდობიან დამოკრატიული სვლის რელსებზე”, – აცხადებენ პროფკავშირში.
განცხადებაში ვკთხულობთ, რომ თეტრის სფეროში დასაქმებულები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ საკუთარ საქმიანობაზე და შეერთებოდნენ მაყურებელს ქუჩაში. ისინი აჯამებენ უწყვეტი პროტესტის ორ თვეს და გაფიცვის მნიშვნელობას ამ პროცესში. პროფკავშირის შეფასებით, გაფიცვამ თავის პირველად მიზანს მიაღწია. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი რეპრესია, რასაც შესაბამისი პასუხი სჭირდება.
“მალე 2 თვე გავა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის ცინიკურ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ფონად მოჰყვა არანაკლებ ცინიკური და სასტიკი ზონდერ ჯგუფებისა და პოლიციური ტერორის აქამდე არნახული მასშტაბებით და დროის ხანგრძლივობით გამოყენება. მალე 2 თვე გავა მას შემდეგ, რაც ჩვენი – ქართული საზოგადოების ყოველდღიურობა ერთმანეთთან ქუჩაში შეხვედრა და საერთო წინააღმდეგობაში ჩადგომაა. წინააღმდეგობაში, რომელიც გვავალდებულებს ერთმანეთის დაცვას, ერთმანეთზე ზრუნვას და საერთო ძალებით ბრძოლის სხვადასხვაგვარი ფორმების ძიებას მჩაგვრელი, არადემორკატიული, არასახალხო და არაქართული რეჟიმის მიმართ. რა მოგვცა გაფიცვამ ორთვიანი უწყვეტი წინააღმდეგობის პროცესში? გაფიცვამ თავის პირველად მიზანს მიაღწია. შეიქმნა სოლიდარობის გაფიცვის მაგალითი, პროტესტში ჩართულ ადამიანებს დაანახა გაფიცვის, როგორც რეჟიმთან ბრძოლის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ურყევი და მტკიცე ტაქტიკის მნიშვნელობა. აგრეთვე, გაფიცვამ არ წაართვა ხალხი პროტესტს. ჩვენ და ჩვენი მაყურებელი ერთმანეთს დარბაზების მაგივრად გაზით გაჟღენთილ ქუჩებში ვხვდებოდით. მოვლენები როგორც გვიჩვენებს, დროის გასვლასთან ერთად, რეჟიმი არათუ უკან დახევას, არამედ კიდევ უფრო მეტი სიმკაცრისა და სისასტიკის დემონსტრირებას აპირებს. სისტემა ტყვეობაში იტოვებს ჩვენს კოლეგებს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს, რომ მომავალში, როცა დასჭირდება, თავის გადასარჩენი პირობები გამოივაჭროს მათი თავისუფლებით. სანამ ერთი მსახიობი, ერთი სტუდენტი, ერთი ახალგაზრდა ან წინააღმდეგობაში მყოფი ერთი ადამიანიც კი ტყვეობაში რჩება, იქამდე შეუძლებელია იმაზე ფიქრიც კი, რომ როგორმე ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ, მანამდე არსებულ რუტინას დავუბრუნდეთ. სისტემას ურყევად სჯერა – თუკი დიდი ხნით გაძლებს ისე, რომ უკან არ დაიხიოს, წინააღმდეგობა გამოიფიტება, მუხტი გაქრება და ქუჩები გაბრაზებული ქართველი ხალხისგან დაიცლება. მათი რწმენა დამყარებულია აქამდე არსებული, ძველი პროტესტების ანალიზზე, თუმცა ისინი ვერ იაზრებენ, რომ პოლიტიკური და სოციალური კრიზისი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოღალატე, მათი კერძო კაპიტალისთვის ეროვნული ინტერესებით მოვაჭრე მთავრობამ თავადვე გამოიწვია, სრულიად ახალი ტიპის წინააღმდეგობის კატალიზატორი გახდა. პროტესტმა უკვე აჩვენა თვითორგანიზების ერთდროულად ლამაზი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგალითები და გვასწავლა, რომ ძველი წესრიგი მხოლოდ და მხოლოდ წინააღმდეგობების კომპლექსური, განსხვავებული გზებით, ახალი ფორმებითა და შინაარსებით შეიძლება მოკვდეს”, – აცადებენ “გილდიაში”.