„სტატუსი ხელს შეუწყობს ქვეყნის მოდერნიზებას და განვითარებას“ – ელგუჯა ხოკრიშვილი

„ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ და ევროპა ჩვენი ისტორიულ-კულტურული არჩევანია“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მოუტანს მეტ შესაძლებლობებს, ადამიანების უფლებების დაცვას, ყველასთვის თანაბარ შანსებს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
„ბოლო წლებში იმიტომ გვაქვს ამდენი მიგრაცია ევროპის მიმართულებით, რომ ადამიანებს ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეთ, ევროპა პოლიტიკურად ნიშნავს უფრო სტაბილურ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, ეკონომიკას და კერძო სექტორს. თითოეული მოქალაქის როგორც სოციალური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ცხვრების პირობების გაუმჯობესებას.
სტატუსი ხელს შეუწყობს ქვეყნის მოდერნიზებას და განვითარებას, აქ იგულისხმება როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება, ასევე ეკონომიკური სტრუქტურის გარდაქმნა. რაც შეეხება ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას, ის შეიძლება გამოყენებული იყოს ყველა მიმართულებით თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის და უფრო მდგრადი ინსტიტუტების შექმნისთვის.“ აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა
ხოკრიშვილის თქმით, გასულ წელს ამ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი. ამ მნიშვნელოვან პოლიტიკური კონტექსტში პოლიტიკური ნება არ იყო ჩვენი მხრიდან რომ ვყოფილიყავით იმ ტრიოში, ეს კანდიდატის სტატუსი არაფერს მოგვცემს თუ ის დათქმები და რეკომენდაციები რეალურად არ განვახორციელეთ და ის მხოლოდ ფურცელზე დარჩება.
ამ ფინანსურ სიკეთეებზე წვდომას პირობითობის მომენტის გარეშე ვერ შევძლებთ, თუ არ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გარდაქმნა , თუ არ შეიქმნა ანტიკორუფციული და დამოუკიდებელი სასამართლო და არ აღმოიფხვრა ნეპოტიზმი იმ სიკეთეებს ვერ მივიღებთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რეალურ რეფორმებზე. ქვეყანაში რეფორმების გატარება უნდა დაჩქარდეს. რეფორმები უნდა შეეხოს ყველას და არა ცალკეულ ჯგუფებს“ – აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ