“ყველა ქვეყანა, რომელზეც ახლა მსჯელობა მიმდინარეობს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი” – რა განცხადებები კეთდება ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად

უკვე სამი საათია, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას მართავენ – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოსთან ერთად, სამი ქვეყანა ელოდება. მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?! – საქართველოსთან მიმართებით, პოზიციები თანხვედრაშია. დისკუსიის საგანი ძირითადად და მოლდოვაა, რომლებიც გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას ელოდებიან. მიაღწევს თუ არა ევროკავშირი კონსენსუსს, ეს დღეს ან ხვალ გაირკვევა.
მანამდე კი, რა განცხადებები კეთდება ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
“ჩვენ, ძირითადად, ყველა წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომელსაც ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს გაფართოების კონტექსტში, მათ შორის, საქართველოზეც. მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვაპირებ, თავდაუზოგავად ვიმუშაო, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ. ეს საკითხები ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა,” – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ.
“ევროკომისიის რეკომენდაციები ეს არის ის, რასაც ვეთანხმები და ჩემთვის მისაღებია. ის მხედველობაში იღებს იმ დიდი რეფორმების პაკეტს, რომლებიც შესრულდა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. შესაბამისად, ბელგია მხარს უჭერს ევროკომისიის შეფასებას. დღევანდელი შეხვედრა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია,” – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ.
ლიდერების შეფასებით, ქვეყნები, რომლებზეც ახლა მსჯელობა მიმდინარეობს, უნდა იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.
“მე მხარს დავუჭერ ევროკომისიის ყველა წინადადებას, ევროკომისიამ იცის, როგორ შეაფასოს სიტუაცია ადგილზე. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ქვეყანა, მიუხედავად მათი განვითარების ხარისხისა ევროპული მიღწევების მიმართ, უნდა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი,” – აღნიშნა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენიმ.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია.
“გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია. ეს არის ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ – სხვა კანდიდატ ქვეყნებთანაც ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება,” – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა