პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილემ, ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც ის ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობდა, მისთვის მიცემული სიტყვის დიდი ნაწილი პროკურორთან მიმართვისთვის გამოიყენა.
მან შმაგი გობეჯიშვილს სთხოვა, მისი ისტორია დედისთვის მოეყოლა და ეკითხა, რას ფიქრობდა კაცზე, რომელმაც ადამიანს მომაკვდავ დედასთან ბოლო დღეების გატარებისა და დახმარების შესაძლებლობა არ მისცა.
„მისი [პროკურორის] განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან სუბიექტურია, შეფასებულია როგორც მკვლელობა. იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის. [დედაჩემი პალიატიური პაცენიტი იყო. მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, რომელიც ცხოვრების ბოლო თვეებსა და დღეებს გადიოდა]..
ასეთი პაციენტები მოწყვლადები არიან. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. მას მხოლოდ ორად ორი კონტაქტი ჰყავდა [მე და ჩემი მეგობარი].
თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნის გამო აღკვეთის ღონისძიების [პატიმრობის] მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.
[მე, როგორც მაღალი კომპეტენციის ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგს] იგივე პირობები მქონდა სახლში შექმნილი. [კლინიკაში გადაყვანით] დაახლოებით 40 კაცამდე ადამიანზე საუბარი – თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობისა და სიკვდილიანობის რისკი…
თქვენ რაც შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად [შინაპატიმრობა], ერთ რამეს ცვლიდა – ვიქნებოდი მე საბურთალოზე [სახლში] თუ გლდანში [ციხეში]. დანარჩენი ყველა სახის თავისუფლების აღკვეთა რჩებოდა ზუსტად იგივე… არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედაჩემისთვის – ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშე…
თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც თითოეულ ჩემს სხვა პაციენტს აქვს მიღებული…
თქვენ არ მიეცით ქართველ დედას, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი შვილის გვერდით.
მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო [პროკურორო], დედა ხომ გყავთ. მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს, როგორზეც მე ვილაპარაკე… თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა ასეთი ადამიანი აღარ დაგენახოთ“, – მიმართა ბრალდებულმა პროკურორს.
გიორგი ახობაძემ ამავე სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა, რადგან პოლიციამ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდო“:
„თავს არ ვცნობ დამნაშავედ და ეგ რაღაცა რასაც მედავებიან ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კვლავ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე პატიმრობაში დატოვა.
ახობაძე აღნიშნავდა, რომ აქვს დედის მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი ჰქონდა ინსულტი, წართმეული ჰქონდა მეტყველება და მწოლიარე მდგომარეობაში იყო.
ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, პროფესიით ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. ამავე ბრალდებით არის დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაციაც – ის დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინათ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს – მათ 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ფორუმი
