“ბათუმელების” ოპერატორის თქმით, დაკავების შემდეგ ტელეფონში ყველა მასალა წაუშალეს

„ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ დღეს გამოცემის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოჰყვა, როგორ დააკავეს 12 იანვარს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გადაღებისას.
რეპორტიორის თქმით, მას ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ჩამოართვეს ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გურამ მურვანის თქმით, ის ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს.
„დგებუაძემ მკითხა, ვინ ვიყავი. როცა გაიგო რომ “ბათუმელების” თანამშრომელი ვარ პოლიციელებს უთხრა – “ნახეთ რას იღებს, ტელეფონი ჩამოართვით, წაშალეთ ვიდეო და დაიჭირეთო”,- პოლიციელებმა ავტომობილში ჩამსვეს სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს: “გაუშვი დროზე ტელეფონს ხელი ბიჭო! ხელებს მოგამტვრევ – მეუბნებოდნენ“.
მურვანიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოძიება მას ედავებოდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპერატორს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
რეპორტიორი ამბობს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კუთვნილი ტელეფონი დაუბრუნეს, რომელშიც ყველა მასალა და პროგრამა წაშლილი იყო.
„ბათუმელების“ ოპერატორმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მის ინტერესებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.
ორგანიზაციის ადვოკატმა თამარ წულუკიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოცემის ოპერატორის დაკავების საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ საგამოძიებო უწყებებს მიმართეს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიების მოითხოვნით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.
„მისი დაკავების ბრძანება გაიცა, როცა ის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის უფროსმა მისი დაკავება გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ „ბათუმელებს“ წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა დაკავების განმაპირობებელი. პოლიციის უფროსმა ასევე გასცა ბრძანება, მურვანიძის მიერ გადაღებული კადრები წაეშალათ. ამის ამსახველი ვიდეო მურვანიძეს ტელეფონში ჰქონდა. ჩვენ სასამართლოში მოვითხოვეთ, საქმეში ეს ვიდეოკადრები მტკიცებულებად ჩაედოთ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ეს ვიდეომტკიცებულება სხვა ყველა ფაილთან ერთად წაშლილია“ – თქვა თამარ წულუკიძე.
საიას მიაჩნია, რომ პოლიციის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ რეაგირებისთვის მიმართეს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
გამოცემა “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ნანა კვაჭაძემ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ ოპერატორის, გურამ მურვანიძისა და გამოცემის დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავება ერთი საქმის ნაწილია, რაც ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ „ბათუმელებზე“ კამპანიური თავდასხმა მიმდინარეობს.
„მზიაც და გურამიც დააკავეს 12 იანვარს, უშუალოდ დგებუაძის უშუალო მითითებით. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ვივარაუდოთ – საქმე გვაქვს გამოცემა „ბათუმელების“ მისამართით ერთგვარ კამპანიურ თავდასხმაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ვერ გაგვაჩერებს ვერცერთი თანამშრომლის დაკავება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაშუქებთ აქციებს და მიმდინარე მოვლენებს“ – თქვა ნანა კვაჭაძემ.
გამოცემების „ბათუმელები“ და ნეტგაზეთი დირექტორი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის პირველი ნაწილით, რაც „პოლიციელზე თავდასხმას“ გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, – მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.
21 იანვარსვე, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა X-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.
მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის დანიშნული.
ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით – რომელსაც სინდისის პატიმრად მიიჩნევენ, – აქციები ყოველდღე იმართება. 22 იანვარს მორიგი აქცია საქართველოს პარლამენტის სასახლესთან გაიმართა.
მის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა. სწორედ მისი წიგნით მივიდა მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ასე ჰქვია მარია რესას წიგნს.
· გურამ მურვანიძე – „ბათუმელების“ რეპორტიორი და ოპერატორი – ბათუმში ადმინისტრაციული წესით 11-12 იანვრის საღამოს დააკავეს და 14 იანვარს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. გურამ მურვანიძემ 20 იანვარს დატოვა საპატიმრო.
· 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს.