თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც ჩადიან უკანონობას, რომლებიც ასევე ესტონეთის მიერ არიან სანქცირებულები. ეს მოსამართლეები არ მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად და არღვევენ კანონს. მოვუწოდებთ მათ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ იყვნენ ოლიგარქიული სადამსჯელო ოპერაციის ნაწილი, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს.
„5 000 ლარიანი ჯარიმების გადახდა მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი 1 600 ლარამდეა, ხოლო მედიანური ხელფასი 1 000 ლარია, ერთ ოჯახზე სოციალური დახმარება საშუალოდ თვეში 370 ლარია, წარმოუდგენელი სიმძიმის ფინანსური და ქონებრივი ტვირთია მოქალაქეებისთვის, მითუმეტეს, როცა ჯარიმების შეფარდება დაუსაბუთებლად და განმეორებითად ხდება და ასეთი მაღალი ჯარიმების პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.
არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 500-მდე, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 44 პირი დააკავა. სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან 42 იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულთა შორის 10-მდე სტუდენტი და ერთი ქალი ჟურნალისტია.
სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს, დაუსაბუთებელი და უკანონო ჩხრეკის პრაქტიკას. დარბაზის ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია დაცვის უფლების სათანადო განხორციელება, დაკავებული ერთ შემთხვევაში უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად, დაინტერესებული პირები, მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრებიც კი ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომაზე დასწრებას“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ასევე, როგორც ეკა გიგაური აღნიშნავს, ისინი ბიზნეს ასოციაციებთან და ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს იწყებენ, რომ აუხსნან არსებული ვითარება, ასევე მიესალმებიან იმ კომპანიების, რომლებმაც „სწორი სამოქალაქო პოზიცია გამოხატა“ და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მხრიდან დაჯარიმებულების დახმარების კუთხით ძალისხმევა გაძლიერდება.
ასევე ეკა გიგაურმა ყურადღება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც გაამახვილა.
მისი თქმით, პოლიციელები, რომლებიც აქციების დაშლასა და მოქალაქეების დაკავებაში მონაწილეობენ, ხშირად გამოხატავენ უარყოფით პოლიტიკურ შეხედულებებს აქციის მონაწილეების მიმართ, შედიან მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს და პროვოცირებენ აქციის მონაწილეებს.
„11 იანვარს თბილისში პოლიციამ ძალის გამოყენებით მეორედ დააკავა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც დაკავების შემდგომ ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ პირველი დაკავების დროს, დეკემბერში გია ჯვარშეიშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
დაკავების შემდგომ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარნენ 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მიერ დაკავებულები. რამდენიმე დაკავებულის ინფორმაციით, მათ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ 18 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულ პროტესტის მონაწილეებსაც.
პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის მონაწილეთა, აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავების თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 52 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გრძელდება პოლიციის მხრიდან ქალი დაკავებულების მიმართ ძალადობა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი პრაქტიკა. ერთ-ერთი დაკავებულის, ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა, რომ სახლის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მას ფეხმძიმობა შეუწყდა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროების, არაადამიანური მოპყრობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის ფაქტები კვლავ არაა გამოძიებული და არავინაა პასუხისგებაში მიცემული.
ასევე გრძელდება არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა უკანონო ფორმით “დაკავებების” პრაქტიკა, რომელიც თავისი შინაარსით მოქალაქის გატაცების ფორმას იღებს. დაკავებულებს ქუჩიდან იტაცებენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირები და საათების განმავლობაში ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია მათი ადგილსამყოფელი. პოლიციის მიერ ჩადენილი ეს ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან 143-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.