„ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“ – პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მდინარაძეს უპასუხეს

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებმაც 21 იანვარს შეიტყვეს, რომ მათი სამსახური უქმდება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ს, უპასუხეს. პოლიტიკოსმა გუშინ, 22 იანვარს, ამ ცენტრის თანამშრომლების „ამორალურობაზე“ ისაუბრა.
„პარლამენტის კვლევითი ცენტრის თუ ნებისმიერი სხვა უწყების თანამშრომელი აქ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რაღაცას აკეთებს და შემდეგ აქციიდან პარლამენტს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს ამორალურია – ანუ შენი აღქმით, რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
საჯარო მოსამსახურეები, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა პოლიტიკოსს შეახსენებენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საჯარო დაწესებულებაში მუშაობისთვის ხელფასის მიღება არ უნდა გამორიცხავდეს თანამშრომლის უფლებების დაცვას.
„ჩვენ, როგორც კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ვიცავთ ჩვენს უფლებებს და ვეწინააღმდეგებით განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ჩვენს დევნას ცენტრის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან სხვა ფორმით, ვინაიდან მოსალოდნელი პროცესები, როგორც კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ აღინიშნა, სწორედ ჩვენს საჯარო აქტიურობას უკავშირდება.
ჩვენ გვაქვს როგორც პასუხები, ასევე კონსტიტუციური უფლებები, სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები“, – წერია სალომე ნატროშვილის, ნინი ლეჟავასა და მარიამ ჩაჩუას ერთობლივ განცხადებაში.
21 იანვარს მათ პარლამენტის შენობის წინ განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, სალომე ნატროშვილს, მარიამ ჩაჩუას და ნინი ლეჟავას, სხვა კოლეგების თანდასწრებით გამოუცხადეს, რომ ცენტრი უქმდება, რაც ნიშნავს მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას.
უკვე 57-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი – 45. მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.