გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გვქონდა პირველი ვიზიტი. მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის. სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობაა“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აზერბაიჯანის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამო, საქართველოს უკავშირდება.
გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ჩვენთვის თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებებს წარმოადგენს. ვფიქრობ, არაერთ ორმხრივად საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა ფაიგ გულიევმა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს