“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ინფორმაციით, ორგანიზაციის თანამშრომელი, ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
საქმე ეხება 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში მომხდარ ინციდენტს. როგორც ქორიძე ჰყვება, მას თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად. ქორიძეს დაზიანებები ჰქონდა სახის არეში.
“საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება ზვიად ქორიძეზე “შერატონ ბათუმის” სასტუმროში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტზე და ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო. შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
გარდა ამისა, დღეს ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო “შერატონის” ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა”, – ვკითხულობთ TI-ს განცხადებაში.
14 იანვარს, ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდგე, იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს ექსპრემიერ გიორგი გახარიასაც.
“შერატონი” ამ დრომდე არ აწვდის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას მასში მონაწილე პირებს. გახარიას მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სასტუმროში უთხრეს, რომ მასალები სრულად გადასცეს პროკურატურას, ასლი კი მათ აღარ აქვთ.
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი გამოსცა როგორც ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ისე ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისა და ამავე გამოცემის ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებაზე.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არის ევროპის საბჭოსა და პრესის თავისუფლების ცნობილი ორგანიზაციების ქსელის ერთობლივი პროექტი. ეს არის ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის რეალურ დროში მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი. პლატფორმა მუშაობს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებზე სიგნალების შეგროვებით და შემოწმებით. ეს შეტყობინებები, რომლებიც წარმოდგენილია პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გამოქვეყნებულია ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული ხელისუფლების მხრიდან სწრაფი მოქმედების მიზნით. სიგნალების გასაჯაროებით, პლატფორმა ცდილობს უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და წაახალისოს წევრი სახელმწიფოები, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
2025 წელს პლატფორმაზე აქტიურია 4 საგანგაშო სიგნალი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ, აქედან ერთი ეხება უკრაინას, ხოლო სამი — საქართველოს.
ამავე თემაზე:
· ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ
· ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას გახარიასა და ქორიძეზე – უილსონი
· TI ქორიძეზე თავდასხმას აფასებს, როგორც “ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას”
