სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი „ქეშბექის“ მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ – „ქართული თემა“

სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია “ქართული თემის“ დამფუძნებელი მანუჩარ ლობჟანიძე ქსელური მარკეტების მიერ გაზრდილ გადასახადებზე საუბრობს.
როგორც ბიზნესმენი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, კომპანიას პროდუქციის გაძვირება უწევს, რადგან ქსელურმა მარკეტმა ე.წ. ქეშბექის სახით 35% დაუწესა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. მანუჩარ ლობჟანიძის შეფასებით, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი ე.წ. ქეშბექის დაწესების საშუალებას არ მისცემს.
“თუ ბოლომდე ჩავეძიებით მივხვდებით რატომ არის საქართველოში პროდუქცია ძვირი. აქ არ ვგულისხმობ გასართობ, ან ფუფუნების საგნებზე. საუბარი მაქვს ყოველდღიური მოხმარების საჭირო პროდუქციაზე, სურსათზე და ა.შ.
მაგალითად, ჩვენი პროდუქცია ისევ ძვირდება. რამ გამოიწვია ეს გაძვირება? ქსელური მარკეტები ე.წ. ქეშბექის სახით ჯერ ითხოვდნენ 11%-ს, შემდეგ 11.5%-ს. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა ქსელმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ 35%-ს თუ არ გადავიხდიდით ქსელიდან უნდა გავსულიყავით. მოლაპარაკებების შედეგად 25%-ზე დავითანხმეთ. ამის შემდეგ ისევ დაგვიბარეს და აღნიშნული მოთხოვნა 35%-იან ე.წ. ქეშბექთან დაკავშირებით, კატეგორიულად დაგვიყენეს. შესაბამისად, ახლა 35%-იან ე.წ. ქეშბექს ვაძლევთ ქსელურ მარკეტებს და ამიტომ, გვიწევს პროდუქციის გაძვირება. ეს მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ ხდება. ყველა კომპანიას ასეთი ტონით ესაუბრებიან. სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომ 5%-ზე მაღალი ქეშბექის მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ. ეს კანონი, რომ მიიღონ მინიმუმ 20%-ით მე გავაიაფებ პროდუქციას და ასევე, გაიაფდება სხვა პროდუქტები.
ამხელა კრედიტები გვაქვს აღებული, სერიოზული კომპანია ვართ, შეგიძლიათ ნახოთ რა ხელფასებს ვუხდით თანამშრომლებს, ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ვართ და რამდენ რამეს ვაკეთებთ ქვეყნისთვის. ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები და ბიუჯეტში შეგვაქვს თანხა. ამ დროს, ქსელური მარკეტები გვიყენებენ პირობებს და თუ არ დავთანხმდებით, თანამშრომლობას წყვეტენ. თუ მე გამოვალ ქსელური მარკეტიდან ხომ დაიკეტება ბიზნესი?! რამდენი დამწყები გაჩერდა იცით?! სამუშაო ადგილები გაქრა. შემდეგ ზოგმა იშოვა სამსახური და ზოგი ამ ქვეყნიდან წავიდა. იცლება ქვეყანა. მარტო სახელმწიფო კი არა ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო პირობები, ხალხს უნდა მივცეთ ნორმალური ხელფასები. კადრების დეფიციტიაო და ვინ ქმნის ამ დეფიციტს?! ისევ ჩვენ, ბიზნესმენები. რომ უხდი კაპიკებს და რომ აყვედრი ვინ გაგიჩერდება?! აქეთ ქსელური მარკეტების პრობლემაა, იქით ბიზნესმენების დამოკიდებულება”, – აცხადებს მანუჩარ ლობჟანიძე.
მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პრობლემებისა – ქსელური მარკეტები კომპანიებს კუთვნილ თანხას სრულად არ უხდიან, რომელიც ასევე, რეგულაციით და კანონით უნდა იქნეს დარეგულირებული.
“მაგალითად, თუ მარკეტმა 1000 ლარის პროდუქცია გაყიდა, გირიცხავს 600 ლარს. ჩვენს ხარჯზე ხსნიან ახალ ფილიალებს. ახლა “ორი ნაბიჯი” გვეუბნება, რომ შემოდით ჩვენს ქსელშიო, მაგრამ ყველაზე ცუდი გადამხდელები არიან”, – აღნიშნა მანუჩარ ლობჟანიძემ.
ცნობისთვის, „ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, “ბუს კვერცხებში“, ასევე “ქექეში” მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია. კომპანია სათამაშოების რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.