15 დეკემბერი დიზაინერებისთვის, ხელოვანებისა და, უბრალოდ, დაინტერესებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია – ქარვასლას ისტორიული ივენთ ჰოლი ძალიან საინტერესო პროექტს – „ვინთერ ვანდერლენდს“ უმასპინძლებს. მულტიფუნქციური ცენტრის – „სექრეთ გარდენის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში ეკო მდგრადი მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამ მხრივ, ხსენებული სივრცე არაერთი ნიჭიერი მეწარმისა და ხელოვანის ხელნაკეთ აქსესუარებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ერთი თვის მანძილზე მიმდინარე პროექტი საზოგადოებას არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს.
ორგანიზატორების, ანა ჩანგიანისა და ნინო იოსელიანის შეფასებით, პროექტი განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც წარმოდგენილი ნამუშევრები გახლავთ საინტერესო არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ – მსოფლიო მასშტაბით – „ეკომდგრადი მიმართულება დღეს ყველასთვის პრიორიტეტია – არამხოლოდ საქართველოში. საზოგადოებას მისი სიკეთეების შესახებ ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გააზრებული, ამიტომ, ეს პროექტი საზოგადოებაში იმ მოცემულობის განვითარებისთვის – რასაც ეკო მწვანე მიმართულება ჰქვია, ძალიან მნიშვნელოვანია“.
მაია სვანიძე პროექტის თანაორგანიზატორია მოდისა და არტის მიმართულებით. პროექტის შეფასებისას, ის ხაზს უსვამს, რომ დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, გაიცნოს მსოფლიო დონის, ძალიან ნიჭიერი ქართველი ხელოვანები.
„ამ დღეს წარმოდგენილი იქნება არაერთი ხელოვანი, დიზაინერი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და ახლა გაიცნობს მათ საზოგადოება. გარდა ამისა, იქ მყოფ ადამიანებს გვექნება შესაძლებლობა, ვიხილოთ ისეთი სახეებიც, რომლებიც ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. მაგალითისთვის რომ ვთქვათ – „კოსმო“. რეალურად, ჩვენ თვალწინ მსოფლიო დონის არაერთი ხელოვანი იქნება წარმოდგენილი.
ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს უნიჭიერესი ადამიანები. მოდის სფერო არის ისეთი საკითხი და ჩვენ გვყავს ისეთი ნიჭიერი დიზაინერები, რომ აუცილებლად უნდა გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე. ამას დამსწრე საზოგადოება იხილავს და თვითონ შეაფასებს. ნამდვილად, აღფრთოვანებული ვარ პროექტის კონცეფციის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი და გაგვიცნობს სამყარო – მე ასეთი სურვილი მაქვს და წინათგრძნობაც“, – ამბობს მაია სვანიძე.
ნელი მელითაური „მეიდან ჯგუფის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერია. ის უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ამოცანებსა და საქმიანობაზე ნელი საუბრობს.
„დაარსებიდან დღემდე ჩვენ გახლავართ ერთერთი ყველაზე დიდი და მსხვილი დეველოპერული კომპანია საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მიზანია, რომ თბილისის ძველ უბნებში ახალი პროექტებისა და საინტერესო იდეების განსახორციელებლად მყარი საფუძველი მოვამზადოთ, რათა შენარჩუნდეს ამ ადგილების აქტუალურობა დღევანდელი თბილისის ყოველდღიურობაში. იმის გამო, რომ არქიტექტურული შენობების იერსახე, უძველესი ტრადიციები, ელფერი შემარჩუნებულიყო – მათ შორის, თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა მეიდანზე, ჩვენი ორგანიზაციის მიერ არის რეაბილიტირებული და, საკუთარი სახსრებით, გახლავთ ნაჩუქარი თბილისისთვის. ძალიან გვინდა, ამ უბანს დავუბრუნოთ ის პოზიციონირება, რომელიც მას ოდითგანვე ჰქონდა. ასევე, გვაქვს სურვილი, მეიდანი, შარდენი იყოს კიდევ უფრო ხალხმრავალი ადგილი. დღეს თითქოს იმიჯი შელახულია. გვსურს, ადრეულო წლები დავაბრუნოთ თანამედროვეობაში და ეს ლოკაცია იყოს ყველასთვის საყვარელი, თავშეყრის ადგილი, განსაკუთრებით – თბილისელებისთვის.
ძალიან მივესალმები ამ იდეის მქონე პროექტს და დარწმუნებული ვარ, მის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის წინსვლას ვადევნოთ თვალი“, – ამბობს ნელი მელითაური.
გიორგი რევაზიშვილი „როიალ ბეიქერის“ დამფუძნებელია. The royal bakery გახლავთ 2021 წელს შექმნილი კომპანია გურმანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი, გემრიელი და ესთეტიურად მოწესრიგებული, სახლური გემოებით ტკბობა. აქ თითოეულ სახეობას აქვს თავისი ისტორია. როგორც გიორგი აღნიშნავს, კომპანიის მხარდაჭერა გამოწვეულია პროექტის მთავარი იდეით – საზოგადოებაში იყოს მაღალი ცნობიერება ეკო მდგრად შეთავაზებებზე და ხელმისაწვდომი გახდეს საინტერესო პროდუქცია.
„პროექტის იდეა, მათ შორის, ჩვენთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, სწორედ ამიტომ გახლავართ მხარდამჭერები. რაც უფრო მეტი სიჯანსაღე და ეკო მდგრადი პროდუქტი იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, მით უფრო ბედნიერი და გახარებული იქნება მომხმარებელი. ჩვენი მხარდაჭერაც არ დააყოვნებს ჩვენი კომპანია მწვანე, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა მიმართულების პროექტებს ყოველთვის გვერდით უდგას, მეგობრობს და სამომავლოდაც მაქსიმალურად გაააგრძელებს ამ დამოკიდებულებას“, – ამბობს გიორგი რევაზიშვილი.
აღსანიშნავია, რომ, 15 იანვრის შემდეგ, ქარვასლას ივენთ ჰოლი ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით კვლავ განაგრძნობს ფუნქციონირებას.
