გუშინ, თბილისსა და რუსთავში დაწყებული საქართველოს თასის გათამაშების მატჩები დღეს, თელავსა და ტყიბულში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგისაა, ხოლო 5 – “ა” ლიგის. გუნდები მერვედფინალში არიან დაწყვილებულნი და ერთმანეთში საუკეთესოს გამოსავლენად 2-მატჩიან სერიას მართავენ. იანვარში სწორედ მერვედფინალური სერიის მატჩებია დაგეგმილი და წყივლები ჯერ პირველ მატჩებს მოილევენ, ამ თვის ბოლოსკენ კი საპასუხო შეხვედრებსაც ჩაატარებენ, რის შედეგადაც 8 მეოთხედფინალისტი გამოვლინდება.
როგორც ჩანს, თასის გათამაშებაში მონაწილეობით სუპერლიგის გუნდებთან შეხვედრა “ა” ლიგის წარმომადგენლებისთვის დიდი სტიმულია. გუშინ დაფიქსირდა გვარიანი
სენსაცია, როცა ქვედალიგელმა “რუსთავმა” სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც პირველობისთვის მებრძოლი თსუ 12 ქულით დაამარცხა. დღეს კი თელავში “ბურჯმაც” გამოიღო ხელი და სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ ვსა-ს ფრე ეთამაშა.
ფრე კალათბურთში? შესაძლებელია, როცა გუნდებს შორის 2-მატჩიანი სერია იმართება და საუკეთესო 2 მატჩის ჯამში ირკვევა. ასეთ დროს დამატებითი დრო, ანუ ოვერტაიმი მხოლოდ 2 მატჩის ჯამში ფრის შემთხვევაში ინიშნება. ანუ პირველი მატჩი როგორც არ უნდა დასრულდეს, დამთავრდება და საპასუხო შეხვედრაში დაფიქსირებული სხვაობის გათვალისწინებით ვლინდება საუკეთესო. თელავის “ბურჯისა” და ვსა-ს მატჩი 76:76 (სტატისტიკა) დასრულდა და საპასუხო შეხვედრაშიც თუ თანაბარი ანგარიში იქნება, შემდეგ დაინიშნება ოვერტაიმი.
რაც შეეხება დღეს გამართულ მეორე მატჩს, რომელშიც სუპერლიგის გუნდები ხვდებოდნენ, ანგარიშში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ტყიბულში “ორბმა” “ბათუმს” უმასპინძლა და თავდაპირველად კი უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 22 ქულით დამარცხდა – 72:94 (სტატისტიკა).
აღნიშნულ წყვილებში საპასუხო მატჩები 25 იანვარს გაიმართება. თუკი ორბი თითქმის უშანსოდ უნდა ჩავიდეს ბათუმში, თელავის “ბურჯი” თბილისში ვსა-სთან მეოთხედფინალში გასვლის შანსით წამოვა. 22 იანვარს თასის გათამაშების მერვედფინალის დარჩენილ 3 წყვილში გაიმართება თამაშები – კასპში “გრიფინი” თსუ-ს უმასპინძლებს, გორში “ივერიონი” კსუ-ს მიიღებს, ხოლო თბილისში დედაქალაქის გუნდები – “ამრა” და “რაში” დაუპირისპირდებიან.
GBF